14 ადამიანი დაიღუპა სერბეთში სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად

ვაგზლის ტერიტორია, ქალაქი ნოვი-სადი, პირველი ნოემბერი

14 ადამიანი დაიღუპა სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ავრცელებს.

„იმედი გვაქვს, რომ მსხვერპლის რაოდენობა არ გაიზრდება - დაიღუპა 14 ადამიანი. მათგან ვერ ამოვიცანით - ხუთი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრაგედიიდან რამდენიმე საათში.

2 ნოემბერი სერბეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბეტონის გადახურვა პირველ ნოემბერს, შუადღისთვის ჩამოინგრა. ის სადგურის შენობასთან, სკამებზე მომლოდინე ხალხს დაეცა.

შენობას რეკონსტრუქცია 2021 წელს ჩაუტარდა და განახლებული შენობა 2024 წლის 5 ივლისს გაიხსნა.