ჭიათურაში მადნის მოპოვება, ზესტაფონში კი ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობა ჩერდება

ფოტო არქივიდან: ფეროშენადნობთა ქარხანა

კომპანია Chiatura Management Company ჭიათურაში მადნის მოპოვებას აჩერებს და მიზეზის განმარტებისას ხელს სოფელ შუქრუთის მოსახლეობისკენ იშვერს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან შუქრუთელები. შუქრუთელების პროტესტს და საერთაშორისო ბაზრის პირობებს უკავშირებს მუშაობას დროებით შეწყვეტას ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაც.

კომპანიის თანახმად საწარმოო პროცესი სრულად გაჩერდა "სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური პროტესტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური კრიზისის გამო". კომპანია თანამშრომლებს ხელფასის 60 %-ის ანაზღაურებას და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას ჰპირდება.

„ჩვენმა მენეჯმენტმა, საწარმოების ხელმძღვანელებთან ერთად, რვათვიანი კრიზისის შედეგები შეაფასა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან კომპანიას შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო იძულებით მოუწია წარმოების 70 %-ის შეჩერება, რასაც დაემატა მსოფლიო ბაზარზე მადანზე ფასის კლების ტენდენცია და ამასთან დამატებით მოძიებული დაფინანსების საშუალებების ამოწურვა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად სპეციალური რეჟიმი მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში იმოქმედებს, ამ პერიოდში „კომპანია ეცდება შეიმუშაოს და კანონით გათვალისწინებულ ყველა მხარესთან შეათანხმოს კრიზისის დაძლევის გეგმა იმისათვის, რომ საწარმოების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მადნის მოპოვება რენტაბელური გახდეს და ადგილი აღარ ჰქონდეს სამუშაო პროცესის პერმანენტულ, უკანონო შეჩერებებს“.

Chiatura Management Company–სგან წარმოების შეჩერების მთავარ მიზეზად პროტესტის დასახელებას კატეგორიულად არ ეთანხმება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან მარტის თვიდან მიმდინარე აქციების მონაწილე თამარ კუპატაძე, ის ეჭვობს, რომ განცხადება პროტესტის მონაწილეთა განეიტრალებას ემსახურება:

„რამდენ ხანსაც არ უნდა გაჩერდეს წარმოება, პროტესტი გაგრძელდება“, –ამბობს თამარ კუპატაძე და დასძენს, რომ დღე და ღამე მორიგეობენ შუქრუთში მაღაროების შესასვლელებთან.

ასევე ნახეთ შუქრუთი - სოფელი დაკარგული საყრდენით

თამარ კუპატაძე იხსენებს, რომ კომპანიამ მაღარო გასულ წლებშიც გააჩერა რამდენჯერმე, რამდენიმე თვით, და იმ დროს შუქრუთელების საპროტესტო აქციები არ მიმდინარეობდა. თამარ კუპატაძეს არ სჯერა კომპანიის არგუმენტების და ამბობს, რომ „კრიზისს ხელოვნურად ქმნიან“. აქციების მონაწილე ეჭვობს, რომ კომპანიას მაღაროში დასაქმებულების ერთმანეთთან დაპირისპირება სურს.

„მაგრამ მაღაროელებმა კარგად იციან ჩვენი სახლების მდგომარეობა და რა ელის სოფელს, არც აქამდე შემოსულან დაპირისპირებაში და არც მომავალში დაგვიპირისპირდებიან, ჩვენ პროტესტს ვაგრძელებთ“.

შუქრუთში მცხოვრებ 35-მდე ოჯახის წევრებს მარტიდან პიკეტირებული აქვთ კოროხნალის და შუქრუთის მაღაროების შესასვლელები, ისინი სახელმწიფოსგან კომპანიასთან შუამდგომლობას, სოფელში სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტების ჩასვლას, მათი ქონების კანონიერად აღწერას და შესაბამის კომპენსაციას ითხოვენ. ამ მოთხოვნით სექტემბრიდან თვენახევრის განმავლობაში 10–მდე შუქრუთელმა პირი ამოიკერა და იშიმშილა. მათ პროტესტი სექტემბერ–ოქტომბერში თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გადაიტანეს.

ასევე ნახეთ შუქრუთელების პროტესტი სოფელში დაბრუნდა

მოშიმშილეებმა პროტესტის უკიდურესი ფორმა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი კომპანიასთან შუამდგომლობას და მოლაპარაკებებს დაჰპირდა.

სამმხრივ ფორმატში სამი შეხვედრა გაიმართა კიდეც, რასაც პროტესტის მონაწილეთა თქმით, შედეგი არ მოჰყვა. 23 ოქტომბერს კი პროტესტის მონაწილეები თბილისიდან შუქრუთში დაბრუნდნენ.

Chiatura Management Company–ს განცხადების პათოსი გაუგებარია სამმხრივი შეხვედრების ერთ–ერთი მონაწილისთვის გიორგი ნეფარიძისთვის, „ჩვენ სამმხრივი მოლაპარაკების პროცესის გაგრძელებას ველოდებით, გქონდა სამი შეხვედრა, ჩვენი ყველა მოსაზრება და დოკუმენტები გავუზიარეთ ერთმანეთს და მეოთხე შეხვედრაზე საბოლოო პოზიციები უნდა ჩამოგვეყალიბებინა, თუმცა ამასობაში არჩევნები მოვიდა და შეხვედრები არ განახლებულა, რისთვისაც სახელმწიფო წარმომადგენელს, რატი იონათამიშვილს ველოდებით“.

ნეფარიძისთვის კომპანიის განცხადება მიუღებელია, რადგან თვლის, რომ „იქ აქციის მონაწილეთა და დასაქმებულთა კეთილდღეობის ნაცვლად მხოლოდ კომპანიის კეთილდღეობაზეა საუბარი, და არაა ნახსენები ჩვენი საჭიროებები“.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა თქმით, მადნის მოპოვების სამუშაოების შეჩერების შესახებ ინფორმაცია ბოლო კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა და მხოლოდ 30 ოქტომბერს საწარმოს ადმინისტრაციასთან შეხვედრისას დაადასტურეს.

ფოტო არქივიდან: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა

როგორც მაღაროელი ტარიელ მაქაცაძე ამბობს, თავდაპირველად იცოდნენ რომ 3 თვით გაჩერდებოდა მოპოვება, „გუშინ კი 6 თვემდე ვადით გაჩერებაზეა საუბარიო, თანამშრომლებისთვის ხელფასის 60 % –ით ანაზღაურება მიუღებელია, საკმარისი არ არის, რადგან ბანკის ვალები გვაქვს და ამ ეტაპზე არ ვიცით გადაგვივადდება თუ არა“.

მაღაროელის თქმით, მადნის მოპოვება გაჩერდა 2023 წლის თებერვალშიც, მაშინაც ხელფასის 60%-იანი გადახდის პირობით, „მაგრამ ბანკის სესხი ვისაც ჰქონდა, ყველას გაუჩერეს სესხები. ახლა ბანკებთან დაკავშირებით აღარაფერს ამბობენ“.

ჭიათურის საბადოების მართვა 2023 წელს გადაიბარა ახლად დაფუძნებულმა კომპანიამ Chiatura Management Company- მ. მისი ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთში მცხოვრებ 280 ოჯახთან ჯერ კიდევ 2020 წელს გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვით, ზარალი უნდა აენაზღაურებინათ გეგმაზომიერად, წელიწადში 700 ათასიდან მილიონ ლარამდე. მისივე ცნობით, სამ წელიწადში ჯამში 12 მილიონი ლარია გადახდილი.

მაღაროსთან გამართული აქციის მონაწილეთა თქმით, სოფელ შუქრუთში ვახტური წესით მადნის მოპოვება 2017 წლიდან განახლდა, მანამდე რამდენიმე ათეული წელი მაღარო დალუქული იყო, საბჭოთა პერიოდში სოფლის ქვემოთ მადნის მოპოვება დასრულდა და დარჩენილი იყო ე.წ. საყრდენები. თუმცა 7 წლის წინ სოფლის ქვეშ 12 ახალი გვირაბი გაიყვანეს და საყრდენებად დატოვებული მადანი გამოიტანეს. მადნის მოპოვებიდან მალევე საცხოვრებელი გარემოს დაზიანება დაიწყო, დაინგრა სახლები და ზოგიერთ ადგილას ჩაიქცა ეზოები და მიწის ნაკვეთები.

ამასთან კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ 31 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში - სრულად გაითიშება საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდება ფეროშენადნობების წარმოების პროცესი.

კომპანია ამ შემთხვევაშიც, თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის გადახდას და საოჯახო სადაზღვევო პაკეტის შენარჩუნებას ჰპირდება. "თანამშრომლების იმ ნაწილს კი, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილ კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებში ჩაერთვებიან, ხელფასის 100%-ს ავუნაზღაურებთ", - აცხადებენ კომპანიაში.

გადაწყვეტილების მიზეზად "ჯორჯიან მანგანეზი" მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმის ფასების მკვეთრ ვარდნას და ბოლო ორი წლის განმავლობაში "მოთხოვნის შემცირებას" ასახელებს.

"გართულებულ პირობებს კი თან დაერთო მადნის დეფიციტი. ჩვენმა კონტრაქტორმა ჭიათურა მენჯმენტ კომპანიმ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, 8 თვის განმავლობაში, მაღაროების პიკეტირების გამო, ვერ უზრუნველყო ქარხნის მადნით მომარაგება. 12-დან 7 მაღაროს პარალიზებით ჭიათურაში მადნის მოპოვება 70%-ით შემცირდა.", - აცხადებს კომპანია და იმედოვნებს, რომ "გლობალურ ბაზრებზე მდგომარეობა მალე გამოსწორდება" და სამუშაო პროცესი დათქმულ ვადაზე ადრე აღდგება.

„ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოში უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიაა, სადაც კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით 6 ათასამდე თანამშრომელი მუშაობს. კომპანიის განცხადებაში განმარტებული არაა, სულ რამდენ თანამშრომელს შეეხება მიმდინარე პროცესი.

კომპანიის შემადგენლობაშია მანგანუმის მადნის მომპოვებელი ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომპლექსი, რომლითაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, სილიკომანგანუმს აწარმოებს. ასევე განახლებად ენერგიაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური „ვარციხეჰესი“, რომლის გამომუშავებული ენერგიაც უზრუნველყოფს მოპოვება-წარმოების პროცესს.