ესპანეთში ბოლო დღეების წყალდიდობის შედეგად დაღუპულების რიცხვმა მიაღწია 158-ს, ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება El País-ი. 155 პირი დაიღუპა ვალენსიის რეგიონში, თითო-თითო - კასტილია-ლა-მანჩასა და ანდალუსიაში, ხოლო კიდევ ერთი პირის დაღუპვის რეგიონი არ ზუსტდება.
ვალენსიის მახლობლად მდებარე ქალაქ პაიპორტეში, სადაც 25 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 40 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებლებს მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები.
ესპანეთის მთავრობამ 31 ოქტომბრიდან სამდღიანი გლოვა გამოაცხადა წყალდიდობით გამოწვეული დიდი მსხვერპლის გამო.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება, არაერთ ქალაქში წყლის დონე კვლავ აწეულია, იტყობინება საგანგებო სამსახური.
გავრცელდა ცნობები მაროდიორობის შესახებ, პროკურატურამ ეჭვმიტანილების დაპატიმრება მოითხოვა. დაკეტილია 150-მდე მაგისტრალი.
ესპანეთის ქალაქებში წყალდიდობა გამოიწვია ქარიშხალმა სახელწოდებით „დანა", რომელსაც ახლდა კოკისპირული წვიმა. ძლიერი წვიმა, რომელსაც წყალმოვარდნა მოჰყვა, 29 ოქტომბერს დაიწყო. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ვალენსიის ზოგიერთ რაიონში რვა საათში ნალექის წლიური ნორმა მოვიდა. წყალდიდობამ დაანგრია და დააზიანა სახლები და სხვა შენობები, გზები, ხიდები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარეებმა დასახლებული პუნქტები ლაფით და ნაგვით აავსეს.
ადგილობრივი აქტივისტები ხელისუფლებას ადანაშაულებენ უუნარობაში, გამკლავებოდა სიტუაციას. საზოგადოებრივი ორგანიზაციები 9 ნოემბერს ვალენსიაში გეგმავენ საპროტესტო აქციას. ორგანიზატორების მტკიცებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაგვიანებით გააფრთხილა მოსახლეობა, რამაც გამოიწვია მსხვერპლის დიდი რაოდენობა.