პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო, რომ ჩამოიქცა ქვეყანა

სალომე ზურაბიშვილი და შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო ცილისწამებაში ადანაშაულებს. პაპუაშვილმა ზურაბიშვილის საუბარს უცხოურ მედიასაშუალებებთან დესტრუქციული ქმედებები უწოდა.

„იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უცხოურ პრესას დღეში რამდენიმე ინტერვიუს აძლევს და ცილს სწამებს ქართველ ხალხს, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომ თითქოს მათი გაყალბებისთვის გამოყენება ხდება. ჩვეულებრივად, ეს დღეები დაკავებულია დეზინფორმაციით. სხვათა შორის, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა ჩვენ, რომ უკვე თვალშისაცემია საგარეო დონეზე სალომე ზურაბიშვილის დესტრუქციული ქმედება, ერთის მხრივ, ამ ინტერვიუების სახით. ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო და ურეკავს, რომ ჩამოიქცა ქვეყანა, ხან რას ამბობს და ხან რას“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ სალომე ზურაბიშვილი ესაუბრება საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარეს.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი გამოკითხვაზეა დაბარებული - პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. მან წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია სავარაუდო დარღვევები.

ასევე ნახეთ პრეზიდენტმა პროკურატურაში დაბარებას ბრიფინგიდან უპასუხა