საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის ორი პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების „ჩაყრის” გამო შედეგები ბათილად გამოცხადდა.

პოლიციამ დააკავა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი, რომლებსაც ბრალად ედება კანონმდებლობის დარღვევით საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მოთავსება.

ფაქტი 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს 69-ე უბანზე. ბიულეტენების ჩაყრის გამო ამ უბანზე კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა.

შსს-მ დღეს, 31 ოქტომბერს, გაავრცელა ცნობა, რომ მომხდარის გამო ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ორი პირი, 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. მათ ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე ტერცია მუხლით, რომელიც ეხება საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბებას.

ასევე ნახეთ ისკანდაროვი ამბობს, რომ საარჩევნო ურნაში ბიულეტენები ოპოზიციის პროვოკაციის გამო ჩაყარა

მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარს დამკვირვებელი ირაკლი ჭუმბურიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰყვება.


26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

  • „ქართული ოცნება“ - 53,931%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ასევე ნახეთ „ზეწოლისა და დაშინების კლიმატი... იყო ასეთი შეგრძნება - „დიდი ძმა გიყურებს“. OSCE/ODHIR, PACE არჩევნებს აჯამებს

ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

„ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში.

ასევე ნახეთ კოალიცია "ჩემი ხმა" 246 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვს
ასევე ნახეთ საია იმ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა
ასევე ნახეთ ცესკოს თანახმად, ხმის ფარულობა დაცული იყო მაშინაც კი, თუ მონიშვნა მეორე მხრიდან ჩანდა