ვიდეოკადრებში ჩანდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის სავარაუდო შემთხვევები, ასევე საარჩევნო უბანთან ძალადობის შემთხვევები.
„აგერ არის პირდაპირი კადრები და ასეთი ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება. ეს არის ის კადრები, რომელებსაც არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. პირდაპირ იკითხება, თუ რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბერს არჩევნები.
თურმე, პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ვიცოდი, რომ პირიქით იყო - საგამოძიებო ორგანოებს თვითონ უნდა მოეგროვებინა მტკიცებულებები. არ გამიგია, რომ საგამოძიებო უწყებამ არჩევნებზე პრეზიდენტს სთხოვოს მტკიცებულებები. მოვისმინე ჟოზეპ ბორელის [განცხადება]. მგონი, მასაც უნდა სთხოვოს პროკურატურამ მტკიცებულებები, როგორც ჩანს, მასაც გააჩნია მტკიცებულებები“, - თქვა პრეზიდენტმა.
მან პროკურატურას შეახსენა, რომ ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული, „თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს“.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე. ამ საქმეზე პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარეს.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი გამოკითხვაზეა დაბარებული - პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყოოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე პრეზიდენტის ჟოზეპ ბორელის განცხადებით, საჭიროა საპარლამენტო არჩევნების დარღვევების "გამჭვირვალედ" გამოძიება და ე.წ. აგენტების კანონის, ასევე ე.წ. "ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება, რათა საქართველო კვლავ დაუახლოვდეს ევროკავშირს.
ასევე ნახეთ "არჩევნების გამოძიება, დისკრიმინაციული კანონების გაუქმება" - ბორელი ევროკავშირთან დაახლოების გზებზე საუბრობს