კრემლმა უარყო, რომ უკრაინასთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ენერგოობიექტების შესახებ

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი. 11 სექტემბერი, 2023.

კრემლმა უარყო დასავლეთის მედიაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ მოსკოვი და კიევი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის თაობაზე.

29 ოქტომბერს Financial Times-ი უკრაინის მაღალი რანგის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ კიევს სურს ამ საკითხზე განაახლოს კატარის შუამავლობით მოლაპარაკებები, რომელიც აგვისტოში შეწყდა რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრის შემდეგ.

ასევე ნახეთ FT: უკრაინა ისევ ცდილობს რუსეთთან მოლაპარაკებას ენერგოობიექტებზე თავდასხმების შესაწყვეტად

უკრაინა არ გამოხმაურებია ამ ინფორმაციას, მაგრამ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 30 ოქტომბერს პუბლიკაციას „ფეიკი“ უწოდა და თქვა, რომ დადის ჭორები, რომლებსაც „არაფერი არა აქვთ საერთო რეალობასთან“. „თავად ყველაზე რესპექტაბელურ გამოცემებს არ ერიდებათ ასეთი გამონაგონისა,“ თქვა მან.

2022 წლის შემოდგომიდან რუსეთი სისტემატურად ბომბავს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ეს იწვევს ფართო მასშტაბის ნგრევას, ენერგიის დეფიციტს და უკრაინულის მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას, განსაკუთრებით ზამთრის სეზონში.

თავის მხრივ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში უკრაინამ საკუთარი დრონებით დაიწყო დარტყმების მიყენება რუსეთის ენერგეტიკულ კვანძებზე, ძირითადად ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწვავის საცავებზე, რომლებიც რუსეთის არმიას ამარაგებს უკრაინის წინააღმდეგ ომში.