ამის შესახებ მან განაცხადა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მათ ყოველწლიური გაფართოების ანგარიში წარადგინეს.
"საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გამორჩეოდა სერიოზული დარღვევებით, ამას სჭირდება დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად, არც ამის საწინააღმდეგო უთქვამთ. ასე რომ, ჩვენ ვართ იმ ზონაში, რომელიც მოითხოვს გამოძიებას, რათა გაირკვეს, რა მოხდა და როგორ შეეძლო ამ ყველაფერს არჩევნების შედეგებზე ემოქმედა", - განაცხადა ბორელმა.
მისივე სიტყვებით, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ დააშორა ქვეყანა ევროკავშირს, მის ღირებულებებსა და პრინციპებს.
"ჩვენი ანგარიშით, საქართველოს ვთავაზობთ ევროკავშირთან ხელახლა დაახლოების მკაფიო გზას, თუკი იქნება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ეს არის "უცხოური გავლენის შესახებ კანონის" გაუქმება, რასაც აქვს მსუსხავი ეფექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებზე, ასევე ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება. დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ჩვენს ევროპულ ოჯახში...
ძალიან მნიშვნელოვანია თვალყური ადევნოთ მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებს იმ დარღვევების გამოძიებისა და გარკვევის შესახებ, რომლებიც დაფიქსირდა არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფების მიერ", - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა პრესკონფერენციაზე.
ასევე ნახეთ თუ საქართველო კურსს არ შეცვლის, ევროკომისია შესვლის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას არ გასცემს - გაფართოების ანგარიშიევროკავშირის ყოველწლიური გაფართოების ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ ევროკომისია არ აპირებს გასცეს საქართველოს ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია. დოკუმენტში საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებზეც და ხაზგასმულია ის დარღვევები, რომელთა ფონზეც ჩაიარა ხმის მიცემამ.
დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ საჯაროდ გამოქვეყნებამდე ნახა, ამის მიზეზად დასახელებულია საქართველოს ხელისუფლების კურსი.
ევროკომისია დასძენს, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკამ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს „მძიმე ზიანი მიაყენა“:
„მნიშვნელოვანმა ნეგატიურმა მოვლენებმა, "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ, ისევე როგორც ქართველი თანამდებობის პირების მკვეთრმა ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივებმა, მძიმე ზიანი მიაყენა საქართველოს ევროპულ ტრაექტორიას. შედეგად, საქართველოს [ევროკავშირში] შესვლის პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია“.
ასევე ნახეთ ბაიდენი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევაცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.
- არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა".
- კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
- "კოალიცია ცვლილებებისთვის" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს "გაყალბებულად და არალეგიტიმურად" მიიჩნევს.
- პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.