კოალიცია "ჩემი ხმა" 246 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვს

კოალიცია "ჩემი ხმა"

არჩევნებზე დამკვირვებელი 30 ადგილობრივი ორგანიზაციისგან შემდგარმა კოალიცია "ჩემმა ხმამ", 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით საჩივრები წარადგინა 29 საარჩევნო ოლქში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ია. ამის შესახებ 30 ოქტომბერს გამართული პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

კოალიციის თანახმად, საჩივრები დაწერილია უბნებზე იდენტიფიცირებული "ისეთი ხასიათის მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც უხეშად არღვევდა არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს - ფარულობას და ნების თავისუფალ გამოხატვას".

ეს ოლქებია:

1. ბათუმი - 33 უბანი;

2. მარნეული - 32 უბანი;

3. გარდაბანი - 27 უბანი;

4. ქუთაისი - 17 უბანი;

5. გორი - 15 უბანი;

6. თელავი - 15 უბანი;

7. ბოლნისი - 11 უბანი;

8. ქობულეთი - 8 უბანი;

9. ლაგოდეხი - 8 უბანი;

10. გურჯაანი - 8 უბანი;

11. კასპი - 8 უბანი;

12. ახალციხე - 7 უბანი;

13. დედოფლისწყარო - 6 უბანი;

14. მცხეთა - 7 უბანი;

15. ქარელი - 7 უბანი;

16. საგარეჯო - 6 უბანი;

17. სიღნაღი - 5 უბანი;

18. ზუგდიდი - 4 უბანი;

19. ხაშური - 4 უბანი;

20. სენაკი - 3 უბანი;

21. ხობი - 1 უბანი;

22. ყვარელი - 2 უბანი;

23. ახმეტა - 2 უბანი;

24. ბორჯომი - 2 უბანი;

25. წალკა - 2 უბანი;

26. ადიგენი - 2 უბანი;

27. დუშეთი - 2 უბანი;

28. ახალქალაქი - 1 უბანი;

29. დმანისი - 1 უბანი.

"ჩემი ხმა" განმარტავს, რომ არჩევნების დღეს მათმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს "ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის/განმეორებით ხმის მიცემის, მარკირების შეუმოწმებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის, უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის, დაკვირვების განხორციელებაში (განსაკუთრებით ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებაზე) ხელის შეშლისა და შეუძლებლობის, უბანზე არაუფლებამოსილი აგრესიული პირების ყოფნისა და კომისიის წევრების მხრიდან აგიტაციის ასობით ფაქტი".

სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმის" დამკვირვებლები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მუდმივ რეჟიმში აკვირდებოდნენ პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 1131 საარჩევნო უბანზე.

თავის მხრივ, ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა - ლაპარაკია 2263 საარჩევნო უბანზე.

ასევე ნახეთ საია იმ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი გამოკითხვაზეა დაბარებული - პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

„ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნები შედგა, რაც ეუთო/ოდირის მისიამაც დაადასტურა.

"შეგვიძლია ჩვენ ამ შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით", - განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

  • „ქართული ოცნება“ - 53,931%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ასევე ნახეთ „ზეწოლისა და დაშინების კლიმატი... იყო ასეთი შეგრძნება - „დიდი ძმა გიყურებს“. OSCE/ODHIR, PACE არჩევნებს აჯამებს