ჰეზბოლას ახალი ლიდერი გახდა შეიხი ნაიმ ყასემი

ჰეზბოლას ახალი ლიდერი შეიხი ნაიმ ყასემი. ბეირუთი, 6 ივნისი, 2022.

შეიხი ნაიმ ყასემი ლიბანში მოქმედი რადიკალური შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლას ახალ ლიდერად გამოცხადდა. ჰეზბოლა შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

პროირანული დაჯგუფების მიერ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყასემი აირჩიეს მის ახალ გენერალურ მდივნად - ჰასან ნასრალას ნაცვლად, რომელიც 27 სექტემბერს დაიღუპა ბეირუთის გარეუბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად.

მანამდე შეიხი ნაიმ ყასემი 1991 წლიდან იყო ჰეზბოლას გენერალური მდივნის მოადგილე. ჰეზბოლა არის შეიარაღებული დაჯგუფება და პოლიტიკური პარტია, რომელიც სამხრეთ ლიბანში შიიტებით დასახლებული ტერიტორიების უდიდეს ნაწილს აკონტროლებს. პარტია ჰეზბოლა წარმოდგენილია ლიბანის პარლამენტში. ევროკავშირი ტერორისტულად აღიარებს ორგანიზაციის მხოლოდ გასამხედროებულ ფრთას, მაგრამ არა პოლიტიკურ პარტიას.

ყასემი მონაწილეობდა ლიბანის საპარლამენტო არჩევნებში ჰეზბოლას საარჩევნო კამპანიების ორგანიზებაში მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ პირველად მიიღო მონაწილეობა ასეთ არჩევნებში 1992 წელს.

ოქტომბრის დასაწყისში ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ ბეირუთის სამხრეთში განხორციელებული დარტყმის შედეგად მოკლეს ჰაშემ საფი ალ-დინი, რომელიც ნასრალას სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნეოდა მისი სიკვდილის შემდეგ.

ასევე ნახეთ ლიბანში, ასევე ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ასევე ნახეთ ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს ჰასან ნასრალას მემკვიდრის სიკვდილი