გერმანიის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის შესაძლოა დაახლოებით 5,5 მილიარდი დოლარის იარაღი მიეყიდა. ეს თანხა ქვეყნის მშპ-ის მეოთხედამდეა.
ექსპერტებმა გამოიყენეს სადაზვერვო ანგარიშები, გაჟონილი დოკუმენტები და ფასები, როგორც ადრე იყიდებოდა ჩრდილოეთ კორეის იარაღი. სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2023 წლისთვის ჩრდილოეთ კორეის მშპ 23,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა და იარაღის მიწოდება შესაძლოა ამ მოცულობის 25%-ს აღწევდეს.
თვით კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა მალავს ინფორმაციას იარაღის ექსპორტის შესახებ, ამიტომ ზუსტი ანალიზის გაკეთება რთულია. ფონდის კვლევაში ხაზგასმულია, რომ ჩრდილოეთ კორეის შემოსავალი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობიდან შეიძლება გაიზარდოს ასობით მილიონი დოლარით, თუ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები დაიწყებენ მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ასევე ნახეთ ნატომ დაადასტურა ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების ყოფნა კურსკში, რას ნიშნავს ეს?მანამდე აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა არ შეიზღუდება ამერიკული იარაღის გამოყენებაში ჩრდილოეთ კორეის ძალების წინააღმდეგ, თუ ისინი ჩაერთვებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში.
ორშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ დაადასტურა, რომ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფორმაციით, ჩრდილოკორეელი სამხედროები რუსეთის კურსკის ოლქში გაიგზავნნენ.
სხვადასხვა ინფორმაციით, საერთო ჯამში ჩრდილოეთი კორეა რუსეთში 12 ათასამდე სამხედროს გაგზავნის.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოყენებული საარტილერიო ჭურვების დაახლოებით ნახევარი ჩრდილოეთ კორეიდან არის მიღებული. ამის შესახებ The Times-ი იუწყება დასავლურ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, რუსეთი კსდრ-დან ყოველწლიურად სამ მილიონ ჭურვს იღებს.