საქართველო პოლიტიკურ კრიზისში ჩაეშვა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს, პროდასავლური ოპოზიცია კი შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ახალი პარლამენტის ბოიკოტით იმუქრება, წერს 27 ოქტომბერს New York Times-ი.
გამოცემა მთავარ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გუშინდელი არჩევნები კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს „ქართულ ოცნებასა“ და ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის. გაზეთის თანახმად, „ქართული ოცნება“ საქართველოს სულ უფრო მეტად აშორებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კურსს, ოპოზიცია კი ცდილობს, რომ ქვეყანამ ეს პროდასავლური კურსი შეინარჩუნოს.
„კრიზისი, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მოაშორებს საქართველოს დასავლეთისგან, მაშინ, როცა ევროპელი დამკვირვებლები აკრიტიკებენ იმას, თუ რანაირად ჩატარდა არჩევნები,“ წერს გაზეთი.
ასევე ნახეთ არჩევნები 2024 - ლაივბლოგისტატიაში მოყვანილია არჩევნებზე დაკვირვების ევროპული ქსელის ხელმძღვანელის, ზლატკო ვუიოვიჩის სიტყვები, რომლის თქმითაც, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები „არ იყო კარგი“.
„ის არ ჩატარდა სათანადოდ, ისე, როგორც უნდა ველოდეთ ქვეყნისგან, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს,“ იმოწმებს New York Times-ი ვუიოვიჩს. სადამკვირვებლო ქსელის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მნიშვნელოვან დარღვევათა შორის იყო ოპოზიციის წევრთა მიმართ ძალადობა, ამომრჩეველთა დაშინება, დამკვირვებელთა წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიები და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება ფართო მასშტაბით.
გაზეთი წერს, რომ ოთხი ძირითადი ოპოზიციური ჯგუფიდან, რომლებმაც გადალახეს 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, არცერთი არ აღიარებს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და მინიმუმ ორმა განაცხადა, რომ არ შევა პარლამენტში, „რაც გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის პირობებს ქმნის“. გამოცემა იქვე შენიშნავს, რომ ოპოზიციას ჯერჯერობით არ წარმოუდგენია საკუთარი განცხადებების მტკიცებულებები.
სტატიის ავტორი იხსენებს წინა საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც „დასრულდა მსგავსი სცენარით, როცა ოპოზიციამ უარი თქვა ოფიციალური შედეგების მიღებაზე“. ეს კრიზისი დაახლოებით ხუთ თვეს გაგრძელდა და მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ევროკავშირის შუამავლობით მოახერხეს შეთანხმების მიღწევა. „მაგრამ ამჯერად მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გაიტანოს ის, რაც, მისი თქმით, არის ხალხისგან მონიჭებული მანდატი, და, სავარაუდოდ, არ მიესალმება ევროპის მხრიდან შუამავლობას,“ წერს New York Times-ი.
გამოცემა შენიშნავს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს მაღალი შეფასება მისცეს რუსეთის კანონმდებლებმა და ოფიციალურმა პირებმა.
ასევე ნახეთ რუკები ცესკოს წინასწარი შედეგებით: "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ხმები ოლქების მიხედვით ასევე ნახეთ „არ შეიძლება არ გვახარებდეს“ - კრემლი საქართველოს არჩევნების შედეგს ზეიმობს ასევე ნახეთ არჩევნების შედეგები