ბორის ჯონსონი: გუშინდელი არჩევნები მოიპარა პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ თბილისში

ბორის ჯონსონი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა.

იგი წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები "მოიპარა":

"საქართველოდან მომავალი სურათი ნათელია - გუშინდელი არჩევნები მოიპარა პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ თბილისში. გვერდში ვუდგავარ ქართველ ხალხს მათი თავისუფლების, უფლებებისა და მომავლისთვის ბრძოლაში", - დაწერა ბრიტანეთის ექსპრემიერმა სოციალურ ქსელ X-ზე.

უცხოელი ლიდერების ნაწილი "ქართულ ოცნებას" ულოცავს არჩევნებში გამარჯვებას. მათ შორის არიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. თუმცა უცხოელი პოლიტიკოსების ნაწილი ეჭვით უყურებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.

არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:

  • "ქართული ოცნება" - 53,93%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,03%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,814%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,771%.

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ასევე ნახეთ არჩევნები 2024 - ლაივბლოგი