საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვედრებს მართავს ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელებთან.
როგორც “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, ეს იყო „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტთან“ და ინტენსიური კონსულტაციები მასთან ისევ გრძელდება.
„იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე", - თქვა თინა ბოკუჩავამ.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მათ აზრები გაცვალეს და მთავარია, რომ თანხმდებიან მთავარზე:
„ეს არის არა უბრალოდ გაყალბებული, არამედ დაწერილი შედეგები. ამ არჩევნებში ხალხმა გაიმარჯვა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არის მყარი“, - გიორგი ვაშაძის თქმით, საზოგადოებას მალე ამცნობენ მომდევნო კონკრეტული ნაბიჯების შესახებ.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ „ივანიშვილმა მიიტაცა საარჩევნო შედეგი და მოიპარა ქართველი ხალხის მიერ მოგებული არჩევნები“.
„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ორბელიანის სასახლეში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა პარტია „ახლის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს.
ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს აგრძელებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
დღის ბოლოს დაგეგმილია პრეზიდენტის პრესკონფერენციაც.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 13:30 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. მონაცემები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, თუმცა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ საზიანოდ შეიცვალა. ბარიერგადალახულ პარტიებს შორის კი ხმები ასე ნაწილდება:
- "ქართული ოცნება" - 54,09%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 10,92%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,12%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,78%;
- "გახარია - საქართველოსთვის" - 7,76%.