20:00 საათის მონაცემებით, აქტივობამ 58,94% შეადგინა

საარჩევნო უბანი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე წარადგინა საპარლამენტო არჩევნებზე 20:00 საათისთვის აქტივობის შესახებ მონაცემები. ცესკოს ცნობით, ამომრჩევლის აქტივობამ 58,94% შეადგინა. ცესკოს განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 060 412-მა ამომრჩეველმა.

ცესკოს ინფორმაციით, მაღალმთიანი რეგიონების ხუთი უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა მონაცემების მიღება და ამიტომ ეს არ არის აქტივობის საბოლოო შედეგები.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობა 56,11% იყო, 2012-ში - 60,08%.

იოსელიანის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 37 საჩივარი.

„ძირითადად საჩივრები დაწერილია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ფარულობის დარღვევა, მარკირების წესის დარღვევა, უბნის გარეთ მომხდარი ფაქტები, აგიტაციის წესის დარღვევა, დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა“, - თქვა ცესკოს სპიკერმა.