„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, ცესკოს ვალია ქვეყნის წინაშე, რომ გაუძლოს მმართველი პარტიის წნეხს.
„ცესკოს წევრებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან წნეხი ბევრად უფრო მძიმე იქნება", - განაცხადა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა ხმები დაიცვან:
„ველოდები ბევრად უკეთეს შედეგებს მას შემდეგ, რაც რეალური დათვლა დაიწყება. ჩვენს საზოგადოებაში ეგზიტპოლის ცდომილება საკმაოდ დიდია. ამიტომაა ამხელა სხვაობები. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია თითოეული უბნიდან ხმების დაცვა. ყველა სახის ზეიმი ამის შემდეგ. მერწმუნეთ, როდესაც დათვლა დასრულდება, ჩვენი, მათ შორის ოპოზიციური პარტიების, შედეგები უკეთესი იქნება, ვიდრე ეგზიტპოლია. ის, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ სხვადასხვა ტელევიზიაზე სხვადასხვა რეალობაა, ეს ხომ პირველად არ ხდება. ჩვენ ხომ ეს გამოცდილი გვაქვს. გვქონია შემთხვევები, რომ გვიზეიმია და დილით სულ სხვა შედეგი მიგვიღია. ამიტომ, ეგზიტპოლი - ეგზიტპოლია. ვიზეიმეთ, ახლა დავანებოთ ზეიმს თავი და ვკონცენტრირდეთ ხმების დაცვაზე. წელს ელექტრონული არჩევნები პირველად ტარდება. თითოეული უბნიდან ხმები დასათვლელია და შემდეგ შეგვიძლია ვიზეიმოთ. „გორბის“ ეგზიტპოლი ღიმილისმომგვრელი კი არა, სასაცილოა. „ოცნება“ ეცდება ამ თავის ვირტუალურ რეალობასთან ახლოს მიგვიყვანოს. ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეების ხმები დავიცვათ. იმის ნაცვლად, რომ დითირამბებით ვზეიმობდეთ, უნდა ვისხდეთ და გავაკეთოთ ის, რასაც ახლა გავაკეთებ - ავალ და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავივლი ყველა უბანს დეტალურად“.
გიორგი გახარიას თქმით, უბნიდან გამოსული ამომრჩეველი ეგზიტპოლის გამომკითხველს არ ეტყვის, ვის მისცა ხმა, რადგან, „სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ავტორიტარულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ“.
„ამ ადამიანებს ბიზნესი აქვთ, სხვადასხვა კავშირები აქვთ და ეშინიათ. დღევანდელი ხელისუფლება ამ ხალხს დასდევს, მათზე ნადირობს. ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ხმები დავიცვათ და არ ვიცხოვროთ ვირტუალურ რეალობაში. ახლა ზეიმს თავი უნდა დავანებოთ და ყველა უბნიდან ამოსული ხმები უნდა დავიცვათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სამმა ქართულმა ტელეარხმა - „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ - საპარლამენტო არჩევნები 2024-ისთვის ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.
„იმედის“ ეგზიტპოლი „გორბმა“ ჩაატარა. ამ კვლევის მიხედვით:
- "ქართული ოცნება" - 56,1%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 11,6%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 12,6%;
- "ძლიერი საქართველო" - 7%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 4,8%;
- "გირჩი" - 3%;
- "პატრიოტთა ალიანსი" - 2,2%;
- სხვა - 2,7%.
ცდომილების ზღვარი - 2,5%.
„მთავარი არხის“ დაკვეთით კვლევა ჩაატარა HarrisX-მა, რომლის მიხედვითაც:
- "ქართული ოცნება" - 42%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 13%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 18%;
- "ძლიერი საქართველო" - 9%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 8%.
„ფორმულის“ დაკვეთით კი კვლევა ჩაატარა „ედისონ რისერჩმა“, რომლის მიხედვითაც:
- "ქართული ოცნება" - 40,9%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 16,7%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 16,7%;
- "ძლიერი საქართველო" - 10,3%
- "გახარია საქართველოსთვის" - 8,2%;
- "გირჩი" - 2,3%;
- "პატრიოტთა ალიანსი" - 2%;
- "ლეიბორისტული პარტია" - 2%;
- სხვა - 0,9%.