სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიების ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა ამომრჩევლებისთვის ორი ან ორზე მეტი ბიულეტენის მიცემისა და ხმის დამთვლელ აპარატში შეცურების ფაქტები.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ [ISFED] დამკვირვებლებმა 14:00 საათისთვის აღრიცხეს ბიულეტენის გადაცემასთან დაკავშირებული არაერთი ფაქტი:
- #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანში რეგისტრატორმა ამომრჩეველს გადასცა ორი ბიულეტენი. დამკვირვებლის მითითების საფუძველზე, დარღვევა აღმოიფხვრა;
- #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #31 უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს გადასცა სამი ბიულეტენი, თუმცა დარღვევა დამკვირვებლებმა ხმის მიცემამდე შენიშნეს. კომისიამ სამივე ბიულეტენს მოაჭრა კუთხე და დალუქა, ამომრჩეველმა კი უარი განაცხადა კენჭისყრის პროცესში მონაწილეობაზე.
- #5 ისნის საარჩევნო ოლქის #17 უბანში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველს ერთზე მეტი ბიულეტენი გადაეცა.
გამოვლინდა მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტებიც:
- #22 მარნეულის ოლქის #71 უბანზე დაფიქსირდა მრავალჯერადი ხმის მიცემის 2 შემთხვევა;
- #44 ამბროლაურის ოლქის #18 უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრმა შეავსო ორი ბიულეტენი და ორივე ჩაყარა ყუთში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 15:00 საათისთვის გამოავლინა ფაქტი, როდესაც ერთმა ამომრჩეველმა ხმის მთვლელ მანქანაში ორი ბიულეტენი შეაცურა, კერძოდ:
„ვაკის ოლქის 27-ე უბანზე, ამომრჩეველს, ხმის დაფიქსირების შემდეგ, იმ მიზეზით, რომ პირველი ბიულეტენი ხმის მთვლელ აპარატში გაიჭედა, ახალი ბიულეტენი მისცეს. მან მეორედ მისცა ხმა ახალი ბიულეტენით. თუმცა, საბოლოოდ, ტექნიკური პერსონალის მოსვლის შემდგომ აღმოჩნდა, რომ ხმის მთვლელი აპარატი მწყობრში იყო და მიღებული ჰქონდა პირველი ბიულეტენიც“.
ასევე საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, „ქუთაისის 43-ე უბანზე ამომრჩეველს სრულყოფილად არ უხსნიან ბიულეტენის შევსების წესს“ და „გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველმა მოუნიშნავი/გაუფერადებელი ბიულეტენი მოათავსა ხმის მთვლელ აპარატში“.
მანამდე, სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურმა სადამკვირვებლო მისიამ - „ჩემი ხმა“ - გაავრცელა ინფორმაცია არაერთი შემთხვევის შესახებ, როდესაც ამომრჩევლებს ერთზე მეტ ბიულეტენს აძლევდნენ.
„გრძელდება საგანგაშო ტენდენცია, რაც გულისხმობს ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემას და ყუთში მოთავსებას. ამ დროისთვის ჯამში 50-მდე მსგავსი ფაქტია დაფიქსირებული საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო ოლქში“, - იტყობინებოდა კოალიცია „ჩემი ხმა“ დღის პირველ ნახევარში.
„ეს ტენდენცია გაყალბების მაღალ რისკებს ქმნის. მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დადგენის პრობლემას. შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე, მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან სხვა ტიპის მანიპულაციას“, - „ჩემი ხმა“ გაყალბების მაღალ რისკებზე დილიდან მიანიშნებს.
ასევე ნახეთ მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა„ჩემი ხმა“ იუწყებოდა ბიულეტენების ჩაყრის შესახებ ქვემო ქართლში, მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე. კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა - გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია კი რადიო თავისუფლებას ცესკოს პრესსამსახურმა მიაწოდა.
26 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, როგორ ყრიდა ერთი კაცი მარნეულის #69-ე უბანზე რამდენიმე ბიულეტენს ერთდროულად.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (3) (არჩევნების გაყალბების) მუხლით დაიწყო. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შეფასებით კი, ეს ფაქტი „იზოლირებულ შემთხვევას“ წარმოადგენს.