ეუთოს მისიის ხელმძღვანელის თქმით, მთავარი მიზანია დარწმუნდნენ, რომ „შედეგებში ხალხის რეალური ნება აისახა“

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, პია კაუმა და ეუთოს სპეციალური კოორდინატორი, პასკალ ალიზარდი

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პია კაუმამ და ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილი მეორე საარჩევნო უბანი მოინახულეს, დააკვირდნენ ელექტრონული წესით ხმის მიცემის პროცესს და მედიასთან განაცხადეს, რომ სადამკვირვებლო მისია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღის შეფასებას ჟურნალისტებს ხვალ გააცნობს.

საერთაშორისო დამკვირვებლები უკვე უბნებზე არიან.

პია კაუმამ, რომელიც არჩევნებს საქართველოში 2020 წელსაც აკვირდებოდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ წლევანდელი არჩევნების მთავარი განმასხვავებელი მისი ელექტრონული ხასიათია. ამასთან, „მათ სმენიათ, რომ არჩევნებამდე პერიოდში პოლარიზებული ატმოსფერო ჭარბობდა, თუმცა არჩევნების დღემდე თავად არაფერი კონკრეტული არ შეუმჩნევიათ“.

„ჩვენი მთავარი მისიაა, რომ დავრწმუნდეთ, რომ ხალხის რეალური ნება აისახება შედეგებში არჩევნების დღეს და ისინი მისცემენ ხმას ზეწოლის გარეშე“, - ამბობს კაუმა.

ასევე ნახეთ არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

პასკალ ალიზარდის თქმით, უეთოს სადამკვირვებლო ჯგუფი უბნების 50-60%-ს დააკვირდება:

„ჩვენ არ ვაკვირდებით პოლიტიკურ ვითარებას, ვაკვირდებით უშუალოდ საარჩევნო პროცესს და ხვალ გვექნება შეფასება“, - დაამატა მან.

არჩევნები 2024

26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.

პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.

ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.

ე.წ. ძველი წესით, ანუ სასურველი ერთი პარტიის ნომრის შემოხაზვით ხმას აძლევს ამომრჩევლების 10%. ეს ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაციფრულდება.

  • 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია;
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმას მისცემს 3 113 747;
  • გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია;
  • უცხოეთის სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებშია 95 910 ამომრჩეველი;
  • გახსნილია 3 111 საარჩევნო უბანი, მათგან საქართველოში 3 044 უბანი (მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი - 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში);
  • საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანია;
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე; ტარდება. დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, რომელიმე ელექტრონული აპარატის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა მინიმალურია, თუმცა, შემუშავდა რისკების პრევენციისა და მართვის დოკუმენტი და მთავარია, რომ არცერთ შემთხვევაში კენჭისყრა არ შეწყდება.

საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისთვის რიგში დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ.