ბაჩიაშვილი ირწმუნება, რომ "ივანიშვილმა ოფშორების კანონით სახელმწიფოს 400 მლნ მოჰპარა"

გიორგი ბაჩიაშვილი, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში, ჟურნალისტ ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

ინტერვიუში ბაჩიაშვილი შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ე.წ. ოფშორების კანონს, რაზეც მან თქვა: "[ბიძინა ივანიშვილმა] ერთ ოპერაციაში, დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა სახელმწიფოს".

მისივე თქმით, ეს კანონი "ქართულმა ოცნებამ" მაშინ შეიტანა პარლამენტში, როდესაც ქვეყანაში ე.წ. აგენტების კანონის გარშემო იყო აურზაური და ხსნის, მისი აზრით, რეალურად, რისთვის გააკეთა ასე ივანიშვილმა.

"ივანიშვილმა თვითონვე თქვა თავის გამოსვლაში, ჩემი ნახატების კოლექციას არ მატანდნენ ამერიკიდანო, თუ საიდანაც მოჰქონდა. გამოატანეს და მან შემოიტანა საქართველოში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კოლექცია. რა თქმა უნდა, მას არ უნდოდა არც დღგ-ს გადახდა, არც ქონების გადახდა, და არც მოგების გადახდა ამ ნივთებზე. შესაბამისად, ეს კანონი ითვალისწინებს სამ რამეს: 1 - რომ ამ გადმოცემული აქტივებისგან, ეს აქტივები გათავისუფლდება მოგების გადასახადიდან, ანუ მომავალში რომ გაყიდის ამ აქტივებს მოგებით, გადასახადი ამას არ ექნება. შესაბამისად, მილიარდის კოლექცია, 10 წელიწადში ან 5 წელიწადში რომ გაყიდოს 2 მილიარდად, ის 200 მილიონი დოლარი, რომელიც უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, მან უბრალოდ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. ასევე ის განბაჟების და დღგ-ს საფასური, მილიარდ დოლარზე დაახლოებით უწევს 180 მილიონი დოლარი, მან ასევე ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან და ეს ქონების წლიური გადასახადი - 1%, რომელსაც ყველა იხდის თავის სახლზე, ქონებაზე, ყველა კომპანია იხდის თავის აქტივებზე - წელიწადში 10 მილიონი დოლარი პირდაპირ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან - ანუ ერთ ოპერაციაში დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა სახელმწიფოს. ამავდროულად, ყიდულობს ივანე ზოსიმეს ხელნაწერს, რომ რამენაირად ზემოქმედება გააკეთოს მორწმუნე ხალხის არჩევანზე. ამას აპიარებს და მეორე ჯიბით მილიარდ ლარს ჰპარავს თავის ქვეყანას. ასეთი ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს ბაჩიაშვილი.

ასევე ნახეთ საქართველოს ოფშორებში შენახული სიმდიდრის „გადმოქაჩვა“ უნდა, ვინ იხეირებს?

ე.წ. ოფშორების ახალი კანონით, რომელიც 4 ივნისიდან ამოქმედდა, უცხოური საწარმოს ყველა აქტივის (მათ შორის, წილის/აქციის) საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ კანონი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ერგება და სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირდება.

პრეზიდენტმა „ოფშორების კანონს“ ვეტო 3 მაისს დაადო. იგი თავის მოტივირებულ შენიშვნებში წერდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია, არ შეიძლება მიღებულიყო დაჩქარებული წესით, განხილვისთვის სათანადო დროის დათმობისა და საზოგადოების ჩართულობის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე.

ასევე ნახეთ ბატონი ბიძინა, ბაჩიაშვილი, კრიპტო და „ამერიკელების შეთქმულება“

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით 2023 წლის ივლისში დაიწყო. მას აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გადახდა შეეფარდა.

ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.

გასული წლის 10 ივლისს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან კავშირსა და ეჭვებზე ვრცელი წერილი გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა ლოგიკური ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბაჩიაშვილმა ქონება მისგან მითვისებული ბიტკოინებით დააგროვა.