საერთაშორისო სასამართლომ მონღოლეთს ბრალად დასდო რომის სტატუტის დარღვევა

ვლადიმირ პუტინი მონღოლეთში ვიზიტისას. 3 სექტემბერი, 2024 წელი

პუტინის დაკავებაზე უარის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რომის სტატუტის მონაწილე ქვეყნებს განსახილველად გადასცა მონღოლეთის საქმე, რადგან მან უარი თქვა დაეკავებინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ულან-ბატორში ვიზიტის დროს.

იმით, რომ არ დააკავა პუტინი, მონღოლეთმა არ შეასრულა თანამშრომლობის მოთხოვნა, რაც ეწინააღმდეგება რომის სტატუტის პრინციპს და ხელი შეუშალა სასამართლოს, განეხორციელებინა თავისი ფუნქცია და უფლებამოსილება, ნათქვამია საქმეთა წინასწარი წარმოების განცხადებაში.

ICC აღნიშნავს, რომ დიპლომატიური იმუნიტეტი, მათ შორის პრეზიდენტის იმუნიტეტი, სასამართლოს თვალსაზრისით, არ წარმოადგენს დაბრკოლებას ორდერის აღსრულებისთვის.

The Washington Post-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რა სასჯელს უნდა მოელოდეს მონღოლეთი. მონღოლეთში ვიზიტი იყო პუტინის პირველი ვიზიტი რომის სტატუტის წევრ ქვეყანაში 2023 წლის მარტიდან, ანუ მას შემდეგ, რაც მისი დაკავების ორდერი გამოიცა.

რუსეთის პრეზიდენტს ბრალად ედება უკრაინელი ბავშვების უკანონო გადაყვანა ტერიტორიებზე, რომლებსაც კიევი ვერ აკონტროლებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონღოლეთის ხელისუფლებას ვიზიტის დროს პუტინის დაკავებისკენ მოუწოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში გამოთქმული იყო იმედი, რომ მონღოლეთის მთავრობა "აღიარებდა ფაქტს, რომ ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავეა", შეასრულებდა დაკავების ორდერს და პუტინს ჰააგას გადასცემდა.

უფლებადამცველებმა ასევე მოუწოდეს ულან-ბატორს პუტინის დაპატიმრებისკენ.

ხელისუფლების გადაწყვეტილება, არ დაეკავებინა პუტინი, მონღოლეთის მთავრობის წარმომადგენელმა იმით ახსნა, რომ მონღოლეთი ენერგეტიკის სფეროში დამოკიდებულია რუსეთზე და ასევე იცავს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას.

მონღოლეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია 2003 წლიდან. 2023 წლის დეკემბერში ერდენებალსურენ დამდინი გახდა პირველი მონღოლი მოსამართლე ICC-ში. მაშინ მონღოლეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ ეს იყო „ქვეყნის რეპუტაციის ზრდისა და განმტკიცების ნიშანი საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობა მონღოლეთისადმი“.

ფორმალურად, ICC-ის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, შეასრულონ ორდერი და დააკავონ პუტინი, თუმცა პრაქტიკაში ასეთი ვალდებულებები ყოველთვის არ სრულდება. Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მონღოლეთის ხელისუფლებამ დაარწმუნა პუტინი, რომ არ დააპატიმრებდნენ.

ორდერის გაცემის შემდეგ პუტინი არ ჩასულა ქვეყნებში, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს.

2023 წლის ივლისში მან უარი თქვა ვიზიტზე BRICS-ის სამიტზე სამხრეთ აფრიკაში, რომელიც ICC-ის წევრია, ხოლო ოქტომბერში არ გაფრინდა მექსიკაში, სადაც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა მიიწვია.

ასევე ნახეთ რატომ არ დააკავეს პუტინი მონღოლეთში?