შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი რამინ სირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ამ გაზაფხულზე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ხმამაღლა გააპროტესტა სამართალდამცავთა და სპეცრაზმელთა ქმედებები „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე.
რამინ სირაძე ამბობს, რომ ის და მისი რამდენიმე თანამშრომელი დაიბარეს და სამსახურიდან წასვლის განცხადების დაწერა მოსთხოვეს:
„ძალიან დავიღალე დღევანდელი რეალობით. მინდა ჩემი სათქმელი გადმოვცე... ბევრი კარგი საქმე გამიკეთებია, მქონდა ჯილდოს სახით 2 ვადამდელი წოდება, 4 მადლობის სიგელი მინისტრისგან და არაერთი ფულადი პრემია, (ცუდი თანამშრომელი, რომ ვყოფილიყავი ალბათ ამ ჯილდოებს ვერ მივიღებდი). მყავდა სამსახურებრივი ავტომანქანა, ბენზინი, ასე თუ ისე ნორმალური ხელფასი და სხვა პრივილეგიები.
თუმცა, რუსული კანონის მიღების პერიოდში არსებულ საპროტესტო გამოსვლებზე როდესაც ვუყურებდი ხალხს როგორ უსწორდებოდნენ, მე და ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა დაახლოებით 60-65 წლის კაცი პირველ სკოლასთან ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან გაავებულ სპეცრაზმელებს.
ასეთ შემთხვევებზე ღიად ვაფიქსირებდი ჩემ აზრს, რომ ხალხის ცემა ასეთი სისასტიკით არანაირ საზღვრებში არ ჯდებოდა. სწორედ ამის გამო დამიბარეს მე და კიდევ ჩემი ერთი თანამშრომელი (ვინაობას არ დავასახელებ) გვითხრეს რომ პოლიციელებს ვამტყუნებთ და სხვა მხარეს ვდგავართ და უნდა დაგვეწერა პატაკები სამსახურიდან წასვლაზე...
რაც არ მომწონდა ნაცების დროს იმასაც ვაფიქსირებდი და რაც ეხლა არ მომწონს იმასაც ვამბობ. ბევრი ღირსეული პოლიციელი მუშაობს დღეს სისტემაში და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ. ბევრთან მეგობრობა მაკავშირებს და არასდროს ღირსეულ პოლიციელს მე არ გავამტყუნებ.
როდესაც 9 აპრილს დედაჩემი რუსთაველზე იდგა ბუნდოვნად მაგრამ მახსოვს როგორ ვიდექი ტელევიზორთან 5 წლის და როგორ ვუყურებდი რაც იქ ხდებოდა. რუსულ ენას სკოლაში პროტესტის ნიშნად არ ვსწავლობდი. რუსეთი ოკუპანტია. რუსეთი ჩვენი მტერია...“ - წერს ის სოციალურ ქსელში.
ვიცე-პოლკოვნიკი რამინ სირაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2011 წლიდან მუშაობს. ბოლო რვა წლის განმავლობაში ის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი იყო.
რამინ სირაძის განცხადებასა და მისი გათავისუფლების მიზეზებზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. უწყებისგან პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე ავსახავთ.
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჯამში 138 შეტყობინება შევიდა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.
აპრილ-მაისში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 193 ადმინისტრაციული მუხლით, ხოლო ცხრას გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება.
დაკავებულებიდან ნახევარზე მეტი, სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე მიუთითებდა. მათ შორის რამდენიმეს კლინიკაში მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.