სერბეთმა გადაიფიქრა ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტის გაძევება

ანტონ ბობრიშევი, ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი

სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეცვალა მანამდე მიღებული გადაწყვეტილება, ქვეყნიდან გაეძევებინა ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი ანტონ ბობრიშევი - აცხადებს "რუსეთის დემოკრატიული საზოგადოება", ომის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი სერბეთის რუსული დიასპორიდან.

ბობრიშევი, რომელიც ცოლთან ერთად სერბეთში რვა წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად, მონაწილეობდა ბელგრადში გამართულ ომის საწინააღმდეგო აქციებში. გასული წლის ივნისში, მან ბელგრადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პანცევოში მოაწყო აქცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად. ნავალნი რუსეთის ციხეში თებერვალში გარდაიცვალა.

16 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა ბობრიშევის თხოვნა უძრავი ქონების ფლობის საფუძველზე დროებითი ბინადრობის უფლების მიღებაზე და მას ქვეყნის დატოვება უბრძანა. სამი დღის შემდეგ, სამინისტრომ ბობრიშევს 30 დღე მისცა სერბეთის დასატოვებლად, გასულ კვირაში კი უარი თქვა მის თხოვნაზე, გახანგრძლივებოდა ბინადრობის უფლება. სამინისტრომ ეს ახსნა იმ მოტივით, რომ აქტივისტი "სერბეთის უშიშროებას უქმნის საფრთხეს".

თუმცა ბობრიშევისა და მისი ადვოკატის მხრიდან გასაჩივრების შემდეგ, 23 ოქტომბერს სამინისტრომ გააუქმა თავის მიერვე გაცემული გაძევების ბრძანება, სანამ საჩივრებს შესაბამისი უწყებები განიხილავენ, - წერს "რუსეთის დემოკრატიული საზოგადოება" ტელეგრამით.

ასევე ნახეთ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთი, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის, არ არის რუსეთის „ტროას ცხენი" ევროპაში