Politico: აშშ და გერმანია ნატოში უკრაინის სწრაფი შესვლის წინააღმდეგ არიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე. 11 ივლისი, 2024 წელი

ნატოში უკრაინის დაუყოვნებლივ შესვლის მთავარი მოწინააღმდეგეები აშშ და გერმანია არიან. ალიანსის წევრების უმეტესობა მხარს უჭერს „ზოგადად“ გაწევრიანების იდეას, მაგრამ არ არის დაუყოვნებლივ მოწვევის მომხრე, იტყობინება ჟურნალი Politico.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ე.წ. გამარჯვების გეგმის პირველ პუნქტად დაასახელა ვადამდელი გაწევრიანება ნატოში, რაც დაეხმარება კიევს, აიძულოს რუსეთი, შეაჩეროს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

თუმცა მოკავშირეების უმეტესობა არ არის მზად, მოიწვიოს უკრაინა კავშირში - ყოველ შემთხვევაში, ახლა არა, წერს ჟურნალი.

„დღეს ალიანსს არ მიუღწევია წერტილისთვის, როცა ის მზად იქნებოდა, შეეთავაზებინა უკრაინისთვის წევრობა ან მოწვევა“, - განუცხადა Politico-ს ნატოში აშშ-ის ელჩმა ჯულიან სმიტმა. საჯაროდ, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გაწევრიანების პროცესი რუსეთის ომის დასრულების შემდეგ დაიწყება.

ბაიდენის ადმინისტრაციას სჯერა, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა არ დაუჭერს მხარს ნატოში უკრაინის გაწევრიანებას მოკლევადიან პერსპექტივაში, განუცხადა Politico-ს ამერიკელმა მაღალი რანგის მოხელემ, რომელმაც ანონიმურობა მოითხოვა.

ნატოში უკრაინის რაც შეიძლება მალე მიწვევის მთავარი მოწინააღმდეგე ევროპაში გერმანიაა. „ჩვენ ვცდილობთ, რომ ნატო არ გახდეს ომში მხარე, რათა ეს ომი არ გადაიზარდოს ბევრად უფრო დიდ კატასტროფაში“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გასულ კვირას ბაიდენის ვიზიტის დროს.

უნგრეთი და სლოვაკეთი პრინციპულად ეწინააღმდეგებიან სამხედრო ალიანსში უკრაინის მიწვევას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“ „შემაშინებელი“ უწოდა და თქვა, რომ გააგრძელებს მოწოდებას ევროკავშირისთვის, მოილაპარაკოს რუსეთთან.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ გაფრთხილება გამოთქვა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება "კარგი საფუძველი იქნება მესამე მსოფლიო ომისთვის" და პირობა დადო, რომ "არასოდეს დაუშვებს" ამას.

Politico-ს ორი წყარო ამბობს, რომ არის სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც ახლა არ სურთ ნატოში უკრაინის მიწვევა, მაგრამ ამჯობინებენ ჩრდილში დარჩენას. "ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ბელგია, სლოვენია ან ესპანეთი, იმალებიან აშშ-სა და გერმანიის უკან. მათაც არ სურთ", - თქვა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მეორემ დაადასტურა, რომ ქვეყნები "ამ იდეას, ზოგადად, უჭერენ მხარს, მაგრამ როგორც კი ის მიუახლოვდება რეალურად განხორციელებას", ისინი უკვე საჯაროდ უარყოფენ.

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები მეტ ენთუზიაზმს იჩენენ ნატოში უკრაინის დაუყოვნებლივ მიღების მიმართ, წერს Politico. საფრანგეთი ასევე ღიაა ამ იდეისთვის. "მოწვევა პირველი ნაბიჯია, პოლიტიკური სიგნალი და ახლა შეგვიძლია ამის გაკეთება", - თქვა ბენჟამინ ადადმა, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა.

გასულ კვირას გაზეთი Le Monde, რომელიც ასევე ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა, იტყობინებოდა, რომ აშშ-ს აღარ აქვს "ძირითადი წინააღმდეგობა" ნატოში უკრაინის მიწვევაზე. გამოცემის ცნობით, თუ კამალა ჰარისი გაიმარჯვებს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყოს პროცესი.

ასევე ნახეთ ნატოს გენერალური მდივანი მოელის, რომ უკრაინა ალიანსის 33-ე ან 34-ე წევრი გახდება