ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის სახლიდან ფინანსურ პოლიციას ლეპტოპები მიაქვს

ფინანსური პოლიცია ჩხრეკს „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის სახლს.

ამერიკული ორგანიზაციის, „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

ინფორმაცია სოფო გელავას ქმარმა, პარტია „ფედერალისტების“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა გაავრცელა.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე, - რომელიც ადგილზეა, - რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საგამოძიებო უწყებას კომენტარის თხოვნით და პასუხს ელოდება.

„მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი [ტექნიკური, საკომუნიკაციო მოწყობილობა - რ.თ.] . ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც“, - წერს ნონიაშვილი.

„ფედერალისტების“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ გამომძიებლების თქმით, საქმე უკავშირდება „ატლანტიკური საბჭოს კონტრაქტორ კომპანიას“.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ამავე პერიოდში თბილისში რამდენიმე ადგილას ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ჯერ უცნობია, რაიმე კავშირი თუ არის ამ საქმეებს შორის.

„ატლანტიკური საბჭო“ 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ინსტიტუტია. სოფო გელავა ორგანიზაციის „ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის“ (DFR Lab) მკვლევარია. ის წლების განმავლობაში იკვლევდა დეზინფორმაციას.

ინფორმაცია განახლდება.

ასევე ნახეთ „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა „ფულის გათეთრებასა“ და "თაღლითობაზე“ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა