ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მიუსაფარი ძაღლების მოედნიდან გაყვანის გადაწყვეტილებას ცხოველთა უფლებების დაცვით ხსნის.
„ხალხმრავლობამ და ხმაურმა შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაბნეულობა, დააფრთხოს ისინი, ან შესაძლოა მოხდეს დაკბენა და სხვა. ამიტომ, მათსავე უსაფრთხოების მიზნით, ისინი თავშესაფარში სრულად იზოლირებულ სივრცეში ერთად იმყოფებიან და დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ უკან დაბრუნდებიან“, - დაწერა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა მარიამ ცერცვაძის პოსტის კომენტარად.
მიუსაფარი ცხოველები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში იყვნენ სხვა ხალხმრავალი აქციების დროს, მათ შორის იმ დღეებში, როცა საპოლიციო ძალები აქციებს წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი აირის გამოყენებით შლიდნენ.
რადიო თავისუფლება ცდილობს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან დაკავშირებას. კომენტარის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
დღეს, 23 ოქტომბერს, 19 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე, პარტია „ქართული ოცნების“ დასკვნითი წინასაარჩევნო ღონისძიება გაიმართება. ამის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიზღუდა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა წინასაარჩევნო ღონისძიებებზე, რომლებიც რეგიონულ ცენტრებში გაიმართა, ამომრჩეველს მიმართავდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომელიც ამავდროულად არის თბილისის მერიც.