საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ლარის კურსის შესანარჩუნებლად უცხოური ვალუტის გაყიდვას. ბანკმა დღეს, 23 ოქტომბერს, $60 მილიონი გაყიდა. ინფორმაცია ბანკის ვებსაიტზე, სტატისტიკის გვერდზე, გამოქვეყნდა.
„სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო“, - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის რეზერვები წელს $342 მილიონით შემცირდა. მხოლოდ ოქტომბერში ბანკმა $173 მილიონი გაყიდა.
ბანკს მიმდინარე წელს დოლარი არ უყიდია.
როგორ აისახება გაყიდული 60 მილიონი დოლარი ლარის კურსზე დღეს, 17:00 საათზე გამოჩნდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსით, 1 დოლარი 2,7139 ლარი ეღირება.
ასევე ნახეთ ოქროს ზოდები ეროვნულ ბანკში - მიუთითებს ეს სანქციების მოლოდინზე?