რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, “არ აქვს საფუძველი, არ სჯეროდეს” საქართველოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებისა, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნას სთავაზობდა.
“ვერ ვხედავ საფუძველს, არ მჯეროდეს მათი. ისინი აწარმოებენ დიალოგს დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც პირდაპირ აქეზებდნენ რუსეთთან სამხედრო მოქმედებებისკენ. არ მაქვს საფუძველი, მათ არ ვენდო ”, - განუცხადა გამოცემა "იზვესტიას" ყაზანში ბრიკსის სამიტზე მყოფმა ლავროვმა.
“მეორე ფრონტის” გახსნისკენ მოწოდებებზე საუბარი "ქართულმა ოცნებამ" უკრაინაში ომის დაწყების პარალელურად წამოიწყო. "ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გარკვეულ ძალებს - „გლობალური ომის პარტიას“ - უკრაინასა და დასავლეთში სურთ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა.
განცხადებებს, რომ დასავლეთი მოუწოდებს საქართველოს ომისკენ, კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის 2022 წლის მარტში გაკეთებული განცხადება არაერთხელ გამხდარა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის საგანი.
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 21 ოქტომბერს გასულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, "მეორე ფრონტის" გახსნაზე დასავლეთის ერთ-ერთ ქვეყნის მაღალჩინოსანიც ესაუბრა და პარტიზანული ბრძოლის ტყეში გაგრძელება შესთავაზა.
"შეიძლება მე ერთი მონაყოლიც გავიხსენო, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, როდესაც მასთან ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ტიპის საუბარს აწარმოებდა. ირაკლი შეეკითხა: კი მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო? სამი-ოთხი დღე, ალბათო. მერე, სამი-ოთხი დღის გულისთვის გვღუპავთო?! არა, თქვენ სამი მილიონი ხართ და სამ-ოთხ დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენო. შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ და ჩვენ მოგაწვდით, დაგეხმარებით და იქიდან იომეთო. აი, ეს იყო რეალობა", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის სიტყვებზე კომენტარი დღეს, 22 ოქტომბერს, მედიასთან საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი სიტყვებით, მოუწიათ ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება იმისათვის, რომ "გადაერჩინათ ქვეყანა ომისგან და განადგურებისგან".
„ზოგადად, ძალიან მძიმე იყო ის პროცესები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ თებერვლის დასაწყისიდან, ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, ვიდრე ომი დაიწყებოდა. ომის დაწყების შემდეგ გაგრძელდა ეს ყველაფერი. ყველაზე მძიმე იყო ომის დაწყებიდან პირველი დღეები და შესაბამისი შეხვედრები. შემდეგ მარტში იყო ინტენსიური პროცესები და გახსოვთ ივნისში რა მოხდა, როცა უსამართლოდ უარი გვეთქვა კანდიდატის სტატუსზე, რის საფუძველზეც სცადეს რევოლუციის მოწყობა, რათა აერიათ ეს ქვეყანა და საქართველო ჩაერთოთ ომში. ეს იყო მძიმე პროცესები და ამ პროცესების ერთი პატარა ეპიზოდი იყო ის გზავნილი, რომელიც მიიღო პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული ადამიანისგან. ჩვენ მოგვიწია ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გადაგვერჩინა ომისგან და განადგურებისგან, ამაზე იყო საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დამატებითი დეტალების გაუმჟღავნებლად.