ევროპარლამენტმა სამშაბათს დაამტკიცა უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა. სესხი უზრუნველყოფილია იმ რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით, რომლებიც დასავლეთშია გაყინული უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 518-მა დეპუტატმა - აშკარა უმრავლესობამ. წინააღმდეგი იყო 56, თავი შეიკავა 61-მა.
საუბარია ნაწილზე 50 მილიარდ დოლარამდე სესხისა, რომელიც ადრე შეათანხმეს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა რაოდენობის დაფინანსებას გამოყოფენ კონკრეტული ქვეყნები მთლიანი პაკეტის ფარგლებში. თუ აშშ გამოყოფს 20 მილიარდს, როგორც რამდენიმე დღით ადრე იტყობინებოდნენ, ევროკავშირის წილი დამტკიცებულ 35 მილიარდი ევროს „ჭერზე“ ნაკლები იქნება.
სამშაბათს ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დიდი შვიდეულის საერთო კრედიტის ფარგლებში 3 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
ასევე ნახეთ ევროკავშირის ელჩებმა შეათანხმეს უკრაინისთვის 35 მლრდ ევროს სესხის გამოყოფაგადაწყვეტილება სესხის გამოყოფის შესახებ, რის ხარჯზეც უკრაინა შეძლებს იარაღის შეძენას და საბრძოლო მოქმედებების დროს დანგრეულის აღდგენის დაფინანსებას, ამ ზაფხულს მიიღეს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე. თუმცა შეთანხმების განხორციელებას ართულებდა ის გარემოება, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირისგან მოითხოვა მკაფიო გარანტიები, რომ რუსული აქტივები საკმაოდ დიდი ხნით დარჩებოდა გაყინული. აშშ-ში შიშობენ, რომ ევროკავშირმა, რომელიც, როგორც წესი, ყოველ ექვს თვეში ერთხელ აგრძელებს სანქციებს, შეიძლება რაღაც მომენტში არ გაახანგრძლივოს ისინი, რაც სესხს უზრუნველყოფის გარეშე დატოვებდა. თუმცა, უნგრეთი უარს ამბობს აქტივების გაყინვის ვადის 3 წლით გახანგრძლივებაზე.
რამდენიმე დღის წინ Financial Times-ი ვითარებაში გარკვეულ სამ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ შეერთებულმა შტატებმა მაინც გადაწყვიტა დაპირებული 20 მილიარდის გამოყოფა, თუმცა ევროკავშირისგან საჭირო გარანტიები არ ჰქონდა მიღებული. ევროკომისიამ, თავის მხრივ, სესხის გამოყოფა ადრე დაამტკიცა.
„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები 25 ოქტომბერს ვაშინგტონში შეხვდებიან ერთმანეთს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის თათბირებზე, სადაც ისინი სავარაუდოდ გამოაცხადებენ სესხის განაწილების დეტალებს. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში წლის ბოლომდე უკრაინა შეძლებს დაპირებული თანხის პირველი ნაწილის მიღებას.
რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა არაერთხელ თქვა, რომ რუსეთი კატეგორიულად წინააღმდეგია მისი აქტივების უკრაინის დასაფინანსებლად გამოყენებისა და თქვა, რომ მოსკოვი ამ პროცესში მონაწილეთა წინააღმდეგ ჩივილს გეგმავს. ამ მომენტისთვის საუბარია არა თავად სახსრების, არამედ მათი დაბანდებით მიღებული მოგების გამოყენებაზე.
ევროკავშირის ქვეყნებში გაყინულია 211 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები, რომელთა უმეტესობა მდებარეობს ბელგიაში და იმართება საკლირინგო ორგანიზაცია Euroclear-ის მიერ, რომელმაც 2023 წლის განმავლობაში ამ ფონდებიდან გამოიმუშავა 3 მილიარდი დოლარი მოგება.