საპარლამენტო არჩევნების გამო ოკუპირებულ გალში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

ფოტო არქივიდან: ენგურის ხიდი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, რაულ ლოლუას განცხადებით, „პრეზიდენტისგან“ მიღებული დავალებით, ოკუპირებულ გალის რაიონში გარკვეულ ძალებს შეიყვანენ „მესაზღვრეების სამუშაოს გასაძლიერებლად“.

„ჩვენ ამ სამუშაოს შევასრულებთ. ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შევეცდებით იქ ძალების დამატებას და ნებისმიერი პროვოკაციისთვის მომზადებას“, - განაცხადა ლოლუამ, რომლის სიტყვებით, მათ შორის ე.წ. საზღვრის დაკეტვა უკავშირდება საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს.

ლოლუას სიტყვებით, მსგავსი პრაქტიკისთვის მანამდეც მიუმართავთ და ე.წ. საზღვარი ჩაუკეტავთ დანარჩენ საქართველოსთან, „რიგი მოვლენების გათვალისწინებით“ .

მანამდე გახდა ცნობილი დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გამო 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით ჩაკეტოს ე.წ. საზღვარი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა მიუთითა ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებზეც. მისი თქმით, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილების შემთხვევაში, მათ „შესაძლოა აქცენტი აფხაზეთზე გადაიტანონ“. ლოლუას მიერ მოყვანილი ყველა ციტატა მმართველი პარტიის, „ქართულმა ოცნების“ საარჩევნო ვიდეოდან იყო თარგმნილი და „მეორე ფრონტის“ გახსნის ნარატივს უკავშირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმომსვლელი მოქალაქეების რიცხვი ბოლო რამდენიმე დღეა საგრძნობლად გაიზარდა. სოხუმში 18 ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ ე.წ. საზღვარს რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციების გამო კეტავენ. ვის გულისხმობენ ამ ძალებში, დაკონკრეტებული არ ყოფილა.

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის მცხოვრებლებმა რადიო თავისუფლებას უამბეს, რომ 18 ოქტომბრიდან ენგურის ხიდთან მდებარე ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტთან რიგები დადგა. ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, საოკუპაციო ხაზი 21 ოქტომბერს გადმოკვეთა. ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტთან არსებულ რიგში იგი რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდა დოკუმენტების შემოწმებას, რათა მიეცათ ზუგდიდში წასვლის უფლება, სადაც "საზღვრის" გახსნამდე დარჩება.

გალის მკვიდრის ინფორმაციით, დღეს, 22 ოქტომბერს, მის დასაც რიგში დგომა მოუხდა. ჩვენი რესპონდენტის თანახმად, გალელების ნაწილს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემა სურს, ნაწილი კი სურსათს და მედიკამენტებს იმარაგებს, რადგან ერთი კვირის განმავლობაში ეგრეთ წოდებული საზღვარი ჩაკეტილი იქნება:

„საშინელი რიგი იყო გუშინ. ვისაც დარჩენა შეუძლია, რჩება. მე აქ ვიქნები აწი 10 დღე. თვის ბოლომდე აქეთ ვიქნები. ახლა მოვიდა ჩემი და და ერთი საათია, რიგში ვდგავარო, რიგი იყოო საშინელი. არ ვიცი არჩევნების გულისთვის გადმოდიან თუ თავის საქმეზე, რადგან 10 დღე დაკეტილი იქნება და რაღაც საყიდლებია ... ვისაც სცალია და ვისაც გასაჩერებელი აქვს, გაჩერდება აქ არჩევნებისთვის“.

სურვილის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს კიდევ ერთი რესპონდენტი, 83 წლის ქალი, რომელიც გალის რაიონში ცხოვრობს. ბოლო რამდენიმე წელია, იგი ავადმყოფობის გამო მგზავრობას ვეღარ ახერხებს და მშობლიურ სოფელ ნაბაკევს ვერ ტოვებს. როგორც გვითხრა, მისი თანასოფლელების მხოლოდ ნაწილი შეძლებს არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო საქმეების გამო ოჯახს ერთი კვირით ვერ დატოვებს:

„ბევრი ვიცი, ვინც დღეს გადადის. ბევრი დარჩება. ისინი, ვისაც იქ გასაჩერებელი აქვს. იქ ნათესავს ყველა მთელი ერთი კვირა ვერ შეეკედლება. ბევრს ჯერ ყანა ვერ აუღია, შეშა არ აქვთ, საქონელია, რაღაც და ვერ დატოვებენ სახლს“, - უთხრა ქალმა რადიო თავისუფლებას.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრებმა რესპონდენტმა ისიც აღნიშნა, რომ არაერთხელ იმედგაცრუების მიუხედავად, ხალხს არჩევნების შემდეგ პოზიტიური ცვლილების მოლოდინი მაინც აქვს. ოკუპირებულ რეგიონში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, მძიმე სოციალური ფონის გამო მიგრაციის პრობლემა მწვავედ დგას და მისი უმთავრესი სურვილიც ამ რეალობის შეცვლაა:

„ვაკვირდები სიტუაციას და თუ რამე არ შეიცვალა, აქ იცხოვრებენ მილიარდერები, რომლებსაც ჯიბე სავსე აქვთ და დანარჩენი ვერ გამოკვებავს ოჯახს. რისთვის გაჩერდეს ახალგაზრდა აქ? მიდიან. ბავშვებს უტოვებენ ან დედამთილს, ან მაზლს, ან ბიძაშვილს და მიდის ხალხი. მთლიანად ცარიელდება უკვე. ვრჩებით მარტო ჩემისთანა ინვალიდი მოხუცები“.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება, 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით ცალმხრივად დაკეტოს ეგრეთ წოდებული საზღვარი, არ ვრცელდება ენგურჰესის თანამშრომლებზე და ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც ე.წ. აფხაზური პასპორტი და ბინადრობის ნებართვა აქვთ და დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთში ბრუნდებიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში არჩევნების გამო დე ფაქტო მთავრობა ეგრეთ წოდებულ საზღვარს კეტავს.