25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება.

საპარლამენტო არჩევნების წინა დღე - 25 ოქტომბერი - უქმე დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება მთავრობამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე მიიღო.

3031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში, 1675 - საჯარო სკოლების შენობებში, ხოლო 873 საარჩევნო უბანი - სხვა დანიშნულების შენობებში.

„მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა“, - წერია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

25 ოქტომბრის უქმედ გამოცხადების შესახებ მთავრობამ დადგენილება 21 ოქტომბერს მიიღო. დადგენილება არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, სახელმწიფო შესყიდვებზე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ტარდება. პარლამენტში მოხვდება მხოლოდ ის პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს.