"საპენსიო სესხების გაუქმება და სააკაშვილის ფონდი ემიგრანტებისთვის" - "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო პროგრამა წარადგინა

თინა ბოკუჩავა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ღონისძიებაზე. 21 ოქტომბერი, 2024 წელი

"ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს, 21 ოქტომბერს, წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა.

თინა ბოკუჩავა ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ "უმოკლეს ვადებში" გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე:

"საქართველოს მიეცემა წვდომა 14 მილიარდ ევროზე, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ეკონომიკა იმუშავებს ხალხისთვის და ჩვენ მოვიზიდავთ 14 მილიარდ ევროს საქართველოს ევროპული კეთილდღეობისთვის".

გარდა ამისა, ოპოზიციური კოალიცია ამომრჩეველს საპენსიო სესხების განულებას ჰპირდება:

"გპირდებით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უმოკლეს ვადებში ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს, რომელიც ახლა ძალიან დიდ ტვირთად აწევს საქართველოს მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს, პენსიონერებს, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ჩვენი საზოგადოების და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ პენსიონერებს ჰქონდეთ ღირსეული სიბერე, ჩვენ ვხედავთ, რომ დღესდღეობით ოთხჯერ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა უწევთ მათ".

კოალიციის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ საპენსიო სესხები მათი არჩევნებში გამარჯვებისთანავე, 1 დეკემბრამდე განულდება.

ჯაფარიძე პენსიონერებს პენსიის 1000 ლარამდე გაზრდასაც ჰპირდება, რასაც, მისივე თქმით, შეძლებენ 14-მილიარდიანი დახმარების მიღებისა და ამით ეკონომიკის მხარდაჭერის შემდეგ.

"გარდა ასაკობრივი პენსიისა, აუცილებლად გაიზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ჯგუფის პენსია, გაიზრდება ომის ვეტერანთა პენსია, ცვლილებები პირველ ეტაპზე დაეტყობა ასაკობრივ პენსიას და შემდეგ ეტაპობრივად გაიზრდება. მე, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელს, კარგად მესმის, რომ შეუძლებელია ბედნიერება ჯანმრთელობის დაცვის გარეშე. "ქართული ოცნების" მავნებლურმა მიდგომებმა შეძლო ის, რომ დღეს უამრავი ჩვენი მოქალაქე ვერ ახერხებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების შეძენას. ჩვენ გპირდებით: როგორც კი მოვიშორებთ "ქართულ ოცნებას", ყველა პენსიონერს ექიმის მიერ დანიშნული ყველა მედიკამენტი ექნება უფასოდ", - თქვა სოფო ჯაფარიძემ.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" მოქალაქეებს ასევე ჰპირდება "ფასების მაფიის დასრულებას", რადგან "ფასების მაფია ხელოვნურად არის შექმნილი [ბიძინა] ივანიშვილის კლანური მმართველობის შედეგად".

თინა ბოკუჩავამ ემიგრანტებსაც მიმართა და მათ დაჰპირდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფონდი მათი საქართველოში დაბრუნების მიზნით შეიქმნება.

"უმუშევრობის ფონზე ადამიანებს უწევთ იძულებით ემიგრაციაში წასვლა, ამიტომ ჩვენ შევქმნით პრეზიდენტი სააკაშვილის მილიარდიან ფონდს იმისთვის, რომ ყველა იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანი საქართველოში დავაბრუნოთ და აქ ჰქონდეთ ადამიანებს კეთილდღეობის შანსი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე ნახეთ რას ჰპირდებიან პენსიონერებს საარჩევნოდ - ეკონომისტები აფასებენ, სანდოა თუ არა პოლიტიკოსების პროგრამები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.