საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად შეაფასა მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე და განაცხადა, რომ „ვერავითარი ტესტი ვერ ჩააბარა, დემოკრატიის ტესტი, მოლდოვამ ამ არჩევნების სახით“. ამასთან, მან კრიტიკულად შეაფასა ევროკავშირის ლიდერების განსხვავებული დამოკიდებულება საქართველოსა და მოლდოვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების მიმართ და თქვა, რომ ეს არის „სირცხვილი“.
„[საარჩევნო] კანდიდატები ჩახსნეს ერთმანეთის მიყოლებით, თან თითიდან გამოწოვილი საბაბით. მოლდოვას აყენებს ჩვენზე წინ, მოლდოვას, რომელმაც ასეთი არჩევნები ჩაატარა და განცხადებები თუ სადმე საჭიროა, საჭიროა მოლდოვასთან მიმართებით, სამართლიანობა რომ იყოს, რომელიც არის დსთ-ს წევრი, მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას არ ეკუთვნის - ეს არის სირცხვილი .. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, გადაივლის არჩევნები, მაშინვე აღდგება სამართლიანობა, მე ვარ დარწმუნებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ კობახიძემ ევროპული საბჭოს პოზიცია დაუკავშირა ევროკავშირზე „გლობალური ომის პარტიის“ გავლენასმოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, პროევროპელი მაია სანდუ ლიდერობს, თუმცა პირველივე ტურში გამარჯვება ვერ შეძლო. 20 ოქტომბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად სანდუმ ვერ მიიღო გამარჯვებისთვის საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოქმების 98,38%-ის შედეგებით, სანდუს ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 41,98%-მა.
20 ოქტომბერს მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე. შედეგების 98,42%-ის დათვლის მიხედვით, შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში შესწორებას ევროკავშირთან მოლდოვის შეერთების მიზნით, დადებითად უპასუხა 50,08%-მა და უარყოფითად 49,92%-მა.
საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი, მოლდოვიდან მოსკოვში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდებოდნენ.
- 2022 წლის ივნისში, ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მოლდოვას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო, ამასთან, მას განუსაზღვრეს ცხრა ნაბიჯი, რომელთა შესრულებაც საჭიროა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
- 2023 წლის დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრების საკითხზე მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას. საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია.
ევროკავშირი უკვე არაერთი თვეა მკაცრად აკრიტიკებს წევრობის კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მას ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ და მმართველი პარტიის ანტიდასავლური განცხადებებისა და პროპაგანდის გამო, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი, სამთავრობო ფინანსური დახმარება და უარი თქვა საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებზეც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ირწმუნება, რომ ევროპული კურსი უცვლელია, ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება.
ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებას პრორუსული კურსის გატარებაში ადანაშაულებენ, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხებას მიიჩნევენ ევროპულ გზაზე საქართველოს დაბრუნების საშუალებად.
პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.