G7 ირანს აფრთხილებს შეწყვიტოს ჰამასის და ჰეზბოლას მხარდაჭერა

ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნებმა ირანი გააფრთხილეს შეწყვიტოს ჰამასის, ჰეზბოლას, ასევე ახლო აღმოსავლეთში მოქმედი სხვა არასახელმწიფო ჯგუფების მხარდაჭერა და აღარ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს - ხოლო ვაშინგტონმა ისრაელს მოუწოდა შეამციროს ბეირუთთან თავდასხმების ინტენსივობა, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შესახებ შეშფოთების ფონზე.

დიდი შვიდეულის (G7) სახელმწიფოები 19 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ირანს "მოუწოდებენ თავი შეიკავოს მხარდაჭერის აღმოჩენისკენ ჰამასის, ჰეზბოლას, ჰუთების და სხვა არასახელმწიფო ჯგუფებისთვის და სამომავლო ნაბიჯებისგან, რომლებსაც რეგიონის დესტაბილიზაცია და ესკალაციის უკონტროლო პროცესის გამოწვევა შეუძლია".

ღაზაში განთავსებულ ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ აშშ და ევროკავშირი. აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს ჰეზბოლასაც, ხოლო ევროკავშირს შავ სიაში შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი - რომელსაც ლიბანის პარლამენტში ჰყავს წარმომადგენლები.

ჰამასი, ლიბანში განთავსებული ჰეზბოლა და იემენელი ჰუთები - რომლებსაც აშშ ასევე ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს - ახლო აღმოსავლეთში ირანის მოკავშირეებად ითვლებიან.

პარალელურად, ცალკე გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ვაშინგტონი "ისურვებდა" ისრაელმა შეამციროს ბეირუთზე და მის შემოგარენზე მიტანილი დარტყმების მასშტაბი.

"სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლი ძალიან მაღალია. ჩვენ ვისურვებდით ისრაელმა შეამციროს ბეირუთში და მის გარშემო მიტანილი ზოგიერთი შეტევის მასშტაბი და ვისურვებდით გადასვლას მოლაპარაკებებზე, რომლებიც ორივე მხარეს სამოქალაქო პირებს მისცემდა სახლებში დაბრუნების საშუალებას" - თქვა ოსტინმა ნეაპოლში გამართული დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ.

დიდი შვიდეული (G7) აერთიანებს მდიდარ ქვეყნებს - აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას და იაპონიას.

ასევე ნახეთ G7-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მხარს უჭერენ უკრაინის "შეუქცევად სვლას" ნატოსკენ