ამ არჩევნებში პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც მკვეთრად პროდასავლელ პოლიტიკოსად ითვლება, მეორე ვადით ეცდება თანამდებობაზე დარჩენას. იგი აპირებს ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანოს ჩანაწერი, რომ მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. სანდუს მთავარი კონკურენტი ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრ სტოიანოღლოა, რომელიც სოციალისტურმა პარტიამ ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ნაცვლად წარადგინა. ორი გამოკვეთილად ძლიერი კანდიდატის გარდა პრეზიდენტობისთვის კიდევ სხვა 9 პოლიტიკოსი იბრძვის.
წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, არჩევნების პირველ ტურში ხმების საჭირო უმრავლესობის მოგროვებას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს და მეორე ტური გახდება აუცილებელი. თუკი ეს პროგნოზი გამართლდა, არჩევნების მეორე ტური 2 კვირაში, 3 ნოემბერს გაიმართება.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე WatchDog-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სანდუს ამომრჩეველთა 35.8% უჭერს მხარს, ალექსანდრ სტოიანოღლოს 9%, მესამეს კი რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი, რენატო უსატიი 6.4%-ით. საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრირებული დარჩენილი რვა კანდიდატის მხარდაჭერა 5%-ზე ნაკლებია, ამომრჩეველთა 30% კი ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩევლად მიიჩნევს თავს.
რაც შეეხება რეფერენდუმს, გასულ თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს ამომრჩეველთა 63% დაუჭერს. იმისათვის, რომ რეფერენდუმი შედგეს, საჭიროა მასში მონაწილეობა მიიღოს ამომრჩეველთა სიაში მყოფი მოქალაქეების 33%-მა.
საერთაშორისო საზოგადოება კენჭისყრის დღემდე ხშირად საუბრობდა მოლდოვის არჩევნების შედეგებზე გარე ძალების მხრიდან ზემოქმედების მცდელობებზე.
არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე, 14 ოქტომბერს, ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა ხუთი პრორუსი მოლდოველი პოლიტიკოსი და ერთი ორგანიზაცია. 18 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ისაუბრა რუსეთის მხრიდან არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მცდელობებზე. მან თქვა რომ ადგილი აქვს ჰიბრიდულ თავდასხმებს ევროპის მომავლის შესაცვლელად.
ასევე ნახეთ არევის მცდელობები რუსეთიდან, სანქციები პრორუსებისთვის ევროკავშირიდან - მოლდოვა არჩევნების მოლოდინში