რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გაიხსნა

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს ქვედა სადგური. 18 ოქტომბერი, 2024 წელი.

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

მერიის ცნობით, რუსთაველი-მთაწმინდის პარკის მარშრუტზე მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება, რომლებიც მანძილს 4 წუთში დაფარავს. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით საათში 1 200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში აშენდა ზედა ამძრავი სადგური და მოეწყო ხუთი საყრდენი ნაგებობა.

კახა კალაძემ ღონისძიებაზე მყოფ სტუმრებს საბაგირო გზის ტექნიკური დეტალებიც გააცნო.

„საბაგირო გზის რეაბილიტაცია 2021 წელს დავიწყეთ. ეს არის წრიული, ერთბაგირიანი, გონდოლური საბაგირო გზა, რომელიც წარმოადგენს რთულ საინჟინრო ნაგებობას. აქ შედის ქვედა და ზედა სადგურები და სადგურებს შორის არსებული ხუთი საყრდენი ანძა. ცალკე აღნიშვნის ღირსია რუსთაველზე მდებარე ქვედა სადგურის უნიკალური ინტერიერი, რომელიც სრულად განახლდა. პირველადი პროექტი ითვალისწინებდა საბაგიროს მოწყობას ამ შენობის გარეშე და ქვედა სადგური უნდა მოწყობილიყო რესპუბლიკის მოედანზე. შემდეგ მოგვიწია პროექტის გადაკეთება იმისთვის, რომ ისტორიული შენობა-ნაგებობა უფუნქციოდ არ დარჩენილიყო“, - თქვა კახა კალაძემ.

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს ქვედა სადგური. 18 ოქტომბერი, 2024 წელი.

კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის საბაგირო გზის სამშენებლო ნაწილზე პასუხისმგებელი იყო სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საინჟინრო ნაწილი განახორციელა საერთაშორისო კომპანია „დოპელმაიერმა“. პროექტის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარია.

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო. 18 ოქტომბერი, 2024 წელი

რეაბილიტირებული საბაგირო გზა სამართავად მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციას გადაეცა. რადიო თავისუფლებას მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საბაგირო დღეს უსასყიდლოდ ემსახურება ვიზიტორებს, ხოლო მგზავრობის საფასური რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს ზედა სადგური. 18 ოქტომბერი, 2024 წელი

2014 წელს იგეგმებოდა საბაგიროს აღდგენის სამუშაოების დაწყება და პროექტის მიხედვით, ქვედა სადგური რესპუბლიკის მოედანზე უნდა ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით პროექტი შეიცვალა და საყრდენი კონსტრუქცია დაშალეს.

საბაგიროს გახსნა კახა კალაძის 2017 წლის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი დაპირებაც იყო. 2021 წელს კი, როცა მეორე ვადით იყრიდა კენჭს მერის პოზიციაზე, მან არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე კიდევ ერთხელ გაიხსენა ეს დაპირება და საბაგიროს რეაბილიტაციის დაწყების აღსანიშნავად სიმბოლურად კაფსულიც ჩაფლა.

ოთხი წლის შემდეგ, როცა მერმა საბაგიროს სამუშაოები დაათვალიერა, თქვა, რომ საბაგიროს მშენებლობა 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდებოდა. 2023 წლის 22 მარტს კი კალაძემ ახალი თარიღი დაასახელა და თქვა, რომ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დამთავრდებოდა.

ასევე ნახეთ მიწისზედა მეტრო, ახალი საბაგიროები, ხელოვნური ტბა და სხვა შეუსრულებელი დაპირებები თბილისის მერიისგან

რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო ათწლეულების განმავლობაში არ მუშაობდა. 1990 წლის 1 ივნისს საბაგიროზე მომხდარი ავარიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა. დაღუპულ მგზავრთა ნაწილი ახალციხის №5 სკოლის მოსწავლეები იყვნენ.