გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) დირექტორმა პალესტინის ტერიტორიებზე, ანტუან რენარმა, განაცხადა, რომ ღაზის სექტორში კვირა-ნახევრის სამყოფი სურსათის მარაგია დარჩენილი. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება ხუთშაბათს. სურსათის მიწოდების მდგომარეობა გაუარესდა ბოლოდროინდელი ბრძოლებისა და ჰუმანიტარული დახმარების ორკვირიანი შეზღუდვის გამო, თქვა მან.
რენარმა დააზუსტა, რომ ღაზის 400 ათასამდე მცხოვრები სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის. ადგილობრივმა მოსახლეებმა გაზეთს განუცხადეს, რომ სურსათის მდგომარეობა ახლა ყველაზე მძიმეა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.
ისრაელი უარყოფს მიწოდების შეზღუდვას და აცხადებს, რომ ღაზაში 50 სატვირთო მანქანა საკვები და მედიკამენტები იქნა ჩატანილი.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის ხელისუფლებას წერილში მოუწოდეს, ყოველდღიურად 350 სატვირთო მანქანას მისცენ ჰუმანიტარული დახმარებით შესვლის ნება და გაზარდონ გამშვები პუნქტების რაოდენობა. წერილში ასევე ხაზგასმულია, რომ 30 დღის განმავლობაში ამ პირობების შეუსრულებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ისრაელისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებას. ამ მოწოდებას მალევე დაუჭირეს მხარი ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა.
ასევე ნახეთ აშშ ისრაელს აძლევს 30 დღეს ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გამოსასწორებლად - აფრთხილებს სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასი სამხრეთ ისრაელში შეიჭრა. ჯიჰადისტთა თავდასხმას 1200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250-ზე მეტი მძევლებად წაიყვანეს ღაზის სექტორში. მძევალთა ნაწილი ისრაელსა და ჰამასს შორის გარიგების შედეგად გაცვალეს. სექტემბრის დამდეგისთვის ჰამასის ხელში რჩებოდა ასზე ნაკლები მძევალი. ისრაელი ფიქრობს, რომ მათგან დაახლოებით 40 დაღუპულია.
შარშან ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ფართო მასშტაბის სამხედრო ოპერაცია წამოიწყო ღაზაში. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის იერიშის შედეგად უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში დაიღუპა 41 ათასზე მეტი პალესტინელი, ძირითადად - ქალები და ბავშვები.