ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 11-სართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.
"კლინიკა ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, პლეტიზმოგრაფის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელსაც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება. სამომავლოდ იგეგმება უახლესი მაგნიტო-რეზონანსული ტექნიკით აღჭურვაც", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ახალი ინფექციური საავადმყოფო 83 საწოლზეა გათვლილი და მას გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილება დაემატა.
სამინისტრო ირწმუნება, რომ განახლებულ ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტებს ადგილზე ყველა საჭირო-სავალდებულო კვლევის ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ.
მათივე თქმით, საერთო ჯამში, ცენტრში 352 თანამშრომელია დასაქმებული.
ინფექციურ საავადმყოფოს სახელწოდება შეეცვალა 2024 წელს - მისი გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების შემდეგ მას თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭა.
ასევე ნახეთ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის რემონტი იწყება. პანდემიის დასრულებამდე მოესწრება?ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი,11-სართულიანი შენობა სახელმწიფომ 2020 წლის სექტემბერში იყიდა და მასში 11 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ძველი შენობა, დაზიანებული ჭერით და გაუმართავი სველი წერტილებით, „ავერსს” ეკუთვნის. სახელმწიფო მას 2012 წლიდან წელიწადში 400 000 ლარს უხდიდა იჯარის სახით.