ნატომ ბირთვული წვრთნები დაიწყო

საილუსტრაციო ფოტო. ნატოს წევრი გერმანიის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი ECR Tornado

დღეიდან, 14 ოქტომბრიდან, ნატომ დაიწყო ყოველწლიური ბირთვული სწავლება Steadfast Noon-ი.

ორკვირიან წვრთნებში მონაწილეობს ალიანსის წევრი სახელმწიფოების 2000 სამხედრო და სხვადასხვა ტიპის 60-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის რეაქტიული თვითმფრინავები ბირთვული ქობინებით, ბომბდამშენები და თანმხლები გამანადგურებლები.

წვრთნები ძირითადად ჩატარდება ბელგიის და ნიდერლანდის საჰაერო სივრცეში. ასევე - დანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთის ზღვის თავზე.

სწავლებაში ჩართულია ნატოს 13 სახელმწიფოს სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები.

წვრთნების დაწყების წინ, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ Steadfast Noon-ი მკაფიო სიგნალია ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის, რომ ნატო ყველა მოკავშირეს დაიცავს.

ასევე ნახეთ პუტინის მორიგი ბირთვული მუქარა - რა წერია განახლებულ დოქტრინაში?

2024 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში რუსეთმა ჩაატარა არასტრატეგიული (ტაქტიკური) ბირთვული ძალების წვრთნები.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს სწავლება მიმართული იყო „რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უპირობო უზრუნველყოფისკენ რუსეთის ფედერაციის მიმართ დასავლეთის ცალკეული ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებების და მუქარის პასუხად“. ვის და რომელ განცხადებებს გულისხმობდნენ, დაკონკრეტებული არ ყოფილა.

ასევე ნახეთ რუსეთმა დაიწყო ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნების მესამე ეტაპი