სულ მცირე, 67 ადამიანი დაშავდა უპილოტო საფრენი აპარატის აფეთქების შედეგად ჩრდილოეთ ისრაელში. დრონი, რომელიც თავს დაესხა ბინიამინ გივატ ადას დასახლებას, ლიბანის ტერიტორიიდან, სავარაუდოდ, რადიკალური ჰეზბოლას ჯგუფის წევრებმა გაუშვეს.
დრონის თავდასხმა განხორციელდა ხალხის თავშეყრის ადგილზე. ისრაელის ტელეკომპანია Keshet 12-ის ინფორმაციით, ავიაიერიშის დროს არ იმუშავა ისრაელის ადრეული გაფრთხილების სისტემამ. თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 19 საათზე მოხდა. მასში, სულ მცირე, სამი დრონი მონაწილეობდა, მათგან ორი ისრაელის საჰაერო თავდაცვამ გადაიტაცა.
იერიშში მონაწილეობის თაობაზე ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" დაჯგუფება ჰეზბოლას მაღალჩინოსანმა განუცხადა. მისივე თქმით, თავდასხმაში რამდენიმე დრონი მონაწილეობდა.
ჰეზბოლა აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული. ევროკავშირში ჰეზბოლას მხოლოდ სამხედრო ფრთაა ტერორისტულად აღიარებული. ჰეზბოლას პოლიტიკური ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრები არიან.
ისრაელმა 23 სექტემბერს დაიწყო მეზობელი ლიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი ჰეზბოლას ინფრასტრუქტურის განადგურებაა.
ისრაელის არმიამ 27 სექტემბერს განახორციელა სარაკეტო დარტყმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მდებარე დაჯგუფება ჰეზბოლას ცენტრალურ სამხედრო შტაბზე. იერიშის შედეგად დაიღუპნენ ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა, მისი მოადგილეები და დაჯგუფების სხვა წევრები.
ასევე ნახეთ ლიკვიდირებულია დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა - ისრაელის არმია
შარშან, 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) თავდასხმას, რომელსაც ემსხვერპლა 1200 პირი, ხოლო მძევლად აიყვანეს 250 ადამიანი, მოჰყვა ისრაელის არმიის სახმელეთო და საჰაერო ომი ღაზის სექტორში, სადაც დაღუპული ადამიანების რიცხვი 42 ათასამდეა.
ღაზაში ომის განმავლობაში ჰეზბოლა, რომელსაც ირანი უმაგრებს ზურგს, ჭურვებს უშენდა ისრაელის ჩრდილოეთ არეალებს, საიდანაც ათიათასობით ადამიანია ევაკუირებული, ისევე როგორც ლიბანის სამხრეთ არეალებიდან.