ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა კამალა ჰარისმა თეთრი სახლის ვებგვერდზე თავისი ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 59 წლის ჰარისი ჯანმრთელია, ფიზიკურად და გონებრივად სტაბილურია, არ ეწევა, იშვიათად და ზომიერად სვამს ალკოჰოლს, ვარჯიშობს, განიცდის მხოლოდ სეზონურ ალერგიას. ექიმის დასკვნის თანახმად, ჰარისს შეუძლია შეასრულოს საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ყველა დავალება, მათ შორის, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა.
ჰარისის მრჩევლები მიიჩნევენ, რომ ამ ცნობის გამოქვეყნება ვიცე-პრეზიდენტისთვის სასარგებლოა, მისი კონკურენტის ქცევისგან განსხვავებით. მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის, როდესაც პრეზიდენტი იყო, დონალდ ტრამპს იშვიათად და მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული თავისი ჯანმრთელობის შესახებ.
დონალდ ტრამპი ამას არ აკეთებს მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, მკვლელობის მცდელობის შემდეგაც კი, რამაც, ჰარისის თქმით, შეიძლება ამომრჩევლებს შორის გააჩინოს კითხვები, არის თუ არა 78 წლის ტრამპი საკმარისად ჯანმრთელი, რომ გაუძლოს დატვირთულ საპრეზიდენტო გრაფიკს კიდევ ოთხი წლის განმავლობაში. "ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ტრამპის გუნდს არ სურს ამომრჩეველმა იცოდეს მთელი სიმართლე მის შესახებ", - თქვა შაბათს კამალა ჰარისმა.
ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს ჰარისის ნათქვამი და აღნიშნეს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ექიმი რონი ჯექსონი თავის გვერდზე სოციალურ ქსელ X-ში პერიოდულად აქვეყნებს ანგარიშებს ტრამპის ჯანმრთელობის შესახებ და რომ ამ ანგარიშებიდან გამომდინარეობს, რომ ტრამპი საკმარისად ჯანმრთელია საჯარო სამსახურისთვის.
59 წლის კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია, ისევე როგორც პირველი შავკანიანი და აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე ჰარისი კალიფორნიის შტატის პირველი ქალი გენერალური პროკურორი იყო.
კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც 21 ივლისს შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.
18 ივლისს მილუოკიში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად კენჭს იყრის მთელი ამერიკისთვის.
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, 78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას, ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.
ასევე ნახეთ დემოკრატებმა კამალა ჰარისი ოფიციალურად წარადგინეს პრეზიდენტობის კანდიდატად ასევე ნახეთ დონალდ ტრამპი ოფიციალურად გახდა რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი