კომპანია “მეტამ”, რომელსაც სოციალური ქსელები “ინსტაგრამი” და “ფეისბუკის” ეკუთვნის, წაშალა ჯგუფური ექაუნთების ქსელი, რომელიც ორიენტირებული იყო მოლდოვის რუსულენოვან მაცხოვრებლებზე. როგორც “როიტერი” წერს, ეს ნაბიჯი ყალბი ანგარიშების შესახებ კომპანიის პოლიტიკის დარღვევამ განაპირობა.
ჯამში “მეტამ” წაშალა “ფეისბუკის” შვიდი ანგარიში და 23 გვერდი და “ინსტაგრამის” ერთი ჯგუფი და 20 ანგარიში.
კომპანიამ განაცხადა, რომ ყალბი ექაუნთები ავრცელებდნენ კრიტიკული განცხადებებს მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს, პროევროპელი პოლიტიკოსებისა და მოლდოვასა და რუმინეთს შორის მჭიდრო კავშირების წინააღმდეგ, ასევე მხარს უჭერდნენ მოლდოვაში მოქმედ პრორუსულ პარტიებს.
მოლდოვის ეროვნულმა საგამოძიებო ინსპექციამ ასევე განაცხადა, რომ მან დაბლოკა Telegram-ის 15 „მესინჯერის“არხი და 95 ჩეთბოტი, რომელიც ამომრჩეველს სთავაზობდა ფულს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის "წინააღმდეგ" ხმის მისაცემად. ხსენებული რეფერენდუმი მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად 2024 წლის 20 ოქტომბერს იმართება.
ასევე ნახეთ მოლდოვა, საქართველოს მსგავსად, ოქტომბრისთვის ემზადება - რატომ აქებს დასავლეთი კიშინიოვს და აკრიტიკებს თბილისს?მოლდოვის პოლიციისა და ანტიკორუფციული პროკურატურის ინფორმაციით, ამომრჩევლის მოსყიდვის ქსელი რუსეთიდან გაქცეული ოლიგარქის ილან შორის მიერ ფინანსდება. როგორც რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის ცნობით, მითითებული ქსელის ცალკეული წევრები "ინსტრუქციების" მისაღებად მოსკოვში გაგზავნეს.
თავად გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის, ხელქვეითებს საარჩევნო რბოლაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ის თავად 2019 წლიდან არის მიმალვაში მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის ქურდობის საქმეზე და საერთაშორისო ძებნილთა სიაში იმყოფება.
ასევე ნახეთ მოლდოვა რუსეთისგან ოლიგარქ ილან შორის ექსტრადიციას მოითხოვს