ცესკო განმარტავს, რატომ არ იხსნება სტრასბურგში საარჩევნო უბანი

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ სტრასბურგში საარჩევნო უბანი საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვერ იხსნება. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ეს არის მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციაში და იქ ვერ განთავსდება საკონსულო მიმართულებით შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენელი...

დღეს ჩვენ ვხედავთ არაერთი ჩართული მხარის მხრიდან, არაერთ მანიპულაციურ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს არის იმის სივრცე, რომ სტრასბურგში გაიხსნას საარჩევნო უბანი, მაშინ როდესაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა სამართლებრივიდან საკითხი გადავიდეს პოლიტიკურ სივრცეში და მხოლოდ უსაფუძვლო მოტივებით ხორციელდებოდეს ინსტიტუციაზე ზეწოლა და აღქმის შექმნა, თითქოს ინსტიტუციას აქვს იმის შესაძლებლობა და ის არ ქმნის საარჩევნო უბანს სტრასბურგში. სადაც კი ამის შესაძლებლობა იყო, ჩვენ მივიღეთ სათანადო ზომები“, - თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.

11 ოქტომბერს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი გახსნა: ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკსა და პარიზში. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი ცესკოს მოუწოდა, საარჩევნო უბანი გახსნილიყო სტრასბურგშიც.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი ცესკოს მოუწოდებს, საარჩევნო უბანი გახსნას სტრასბურგში