გაეროს მისია ისრაელს ადანაშაულებს, რომ ცეცხლი გაუხსნა თავის შტაბ-ბინას ლიბანში, რის შედეგადაც დაიჭრა სამშვიდობო ძალების ორი წარმომადგენელი.
AFP-ის ცნობით, ღაზის სექტორში სკოლის შენობაზე, რომელშიც დევნილების თავშესაფარი იყო განთავსებული, ისრაელის არმიის დარტყმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, იტყობინებიან პალესტინელი ექიმები.
ისრაელელი სამხედროები, რომლებსაც ნათქვამის დამამტკიცებელი საბუთი არ წარმოუდგენიათ, აცხადებენ, რომ მათი სამიზნე იყვნენ მებრძოლები, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს შორის იმალებოდნენ.
ალ-აქსას წამებულების საავადმყოფოს თანახმად, მათთან მიიტანეს სკოლის შენობაში დაღუპულთა გვამები, რომელთაგან ერთი ბავშვია და შვიდი ქალი.
Associated Press -ის კორესპონდენტის თანახმად, ის შეესწრო საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანების მისვლას. ბევრი გვამი, ნაწილ-ნაწილს მოიტანეს.
ისრაელი აგრძელებს პალესტინელთა ტერიტორიის, ღაზის სექტორის დაბომბვას მიუხედავად იმისა, რომ უწევს სხვა ფრონტზე, ლიბანში ჰეზბოლასთან ბრძოლა.
ისრაელის არმიამ გასულ კვირაში განაახლა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში ფართომასშტაბიანი საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) წინააღმდეგ.
გაეროს სამშვიდობო ძალები იტყობინებიან სამხრეთი ლიბანიდან, რომ ისრაელის ტანკმა ცეცხლი გაუხსნა მის შტაბ-ბინას ქალაქ ნაკურაში, ჭურვი მოარტყა სამეთვალყურეო კოშკს და დაჭრა სამშვიდობო ძალების ორი წარმომადგენელი, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს.
საფრანგეთმა "განმარტება" მოითხოვა მას მერე, რაც ისრაელი გაეროს სამშვიდობო ძალებისთვის ცეცხლის დაშენაში დაადანაშაულეს.
იტალიამ განაცხადა, რომ ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალებისთვის ცეცხლის დაშენა შეიძლება "ომის დანაშაული" იყოს.
გაეროს მისიის UNIFIL-ის (გაეროს დროებითი ძალები ლიბანში) შემადგენლობაში 10 ათასზე ოდნავ მეტი სამხედროა. ისინი ლიბანის სამხრეთში არიან განთავსებული და მოუწოდებენ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მას მერე, რაც ისრაელის არმიამ საომარი ოპერაცია დაიწყო ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ.
ჰეზბოლა აშშ-ის მიერ ტერორისტულადაა მიჩნეული. ევროკავშირში ჰეზბოლას მხოლოდ სამხედრო ფრთაა ტერორისტულად აღიარებული. ჰეზბოლას პოლიტიკური ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრები არიან.
გაეროს მისია ასევე იტყობინება, რომ ისრაელის არმიამ ჭურვი ესროლა გაეროს მისიის სხვა პოზიციას, რას-ნაკურში, სადაც დარტყმა მიაყენეს ბუნკერის შესასვლელს, რომელშიც სამშვიდობო ძალების აფარებენ თავს. დაზიანდა ავტომანქანები და კავშირის სისტემა.
გაეროს მისია ლიბანში, UNIFIL-ი შეიქმნა 1978 წელს, რათა თვალყური ედევნებინა ლიბანიდან ისრაელის ჯარის გასვლისთვის, მათი ამ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ, რაც მოჰყვა პალესტინელთა თავდასხმას.
მისია გაფართოვდა გაეროს უშიშროების საბჭოს 1701 რეზოლუციის ძალით, რომელიც მიიღეს 2006 წელს და რომლის თანახმად, სამშვიდობო ძალებს ორ მხარეს შორის ცეცხლის შეწყვეტის მეთვალყურეობა დაეკისრა.
ასევე ნახეთ ჰეზბოლამ სარაკეტო შეტევა მიიტანა ისრაელის ქალაქ ხაიფაზე