მდინარაძემ თქვა, რატომ დანიშნეს პრემიერად გახარია, რომელსაც აგენტურის ნაწილს უწოდებს

მამუკა მდინარაძე (მარცხნივ) და გიორგი გახარია

ერთ დროს „ქართული ოცნების“ კრიზისმენეჯერს, გიორგი გახარიას, ყოფილი თანაგუნდელი მამუკა მდინარაძე აგენტურის ნაწილად მოიხსენიებს. გახარიასა და ოპოზიციის სხვა ლიდერებზე სალაპარაკოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიაში ბრიფინგი გამართა.

​„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს, მან არაერთხელ სცადა და მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც, ცხადია, ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა“, - თქვა მდინარაძემ გახარიაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გაიხსენა გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს ჩატარებული სპეცოპერაციები. მათ შორის, სპეცოპერაცია ღამის კლუბებში, „გავრილოვის ღამე“, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ სპეცოპერაციების გამო მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს.

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ „გახარიასთვის მთავარი დავალება აქაც ხელისუფლების და პოლიციის დისკრედიტაცია იყო, რაც იმ ეტაპზე წარმატებით შეასრულა“.

თუმცა საზოგადოების კრიტიკის მიუხედავად, გიორგი გახარია ამ სპეცოპერაციების ჩატარების შემდეგ დააწინაურეს და პრემიერ-მინისტრად დანიშნეს.

„ცხადია, ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა - თუ ამ ყველაფერს ერთი კაცი აშავებდა, თუ ასე აზიანებდა სახელმწიფოს, როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? და ალბათ გაგიჩნდებოდათ თქვენ ეს კითხვა. პასუხი არ არის მარტივი ნამდვილად, თუმცა ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად“, - თქვა მდინარაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის პრემიერის თანამდებობაზე დაწინაურება, მისი თქმით, „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდისათვის, რადგან გახარია ჩამოშორდა მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრობას“.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ გუნდს 2016 წელს შეუერთდა. მაშინ ის საპარლამენტო სიის მე-5 ნომერი იყო, იმუშავა ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრებად. 2019 წელს გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, როცა საპოლიციო ძალებმა „გავრილოვის ღამეს“ ათასობით მოქალაქე ძალის გამოყენებით დაშალეს. მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ იგი დააწინაურა.

ასევე ნახეთ კობახიძის ორი გახარია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო.

ასევე ნახეთ კობახიძე გახარიაზე: აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ძლიერი გუნდი ეყოლება მთავრობის სახით. გიორგი გახარიამ პრემიერობის და მინისტრობის პერიოდშიც დაამტკიცა, რომ არის ძლიერი მენეჯერი, შეუძლია კრიზისული სიტუაციების კარგად მართვა“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, იმ დროს „ქართული ოცნების“ რიგითმა წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქმედმა პრემიერმა და მაშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა: „ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის“.

ასევე ნახეთ გიორგი გახარია - „ოცნების“ გმირი და მოღალატე