გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ მათ წარმომადგენლებს ქუჩაში თავს დაესხნენ

პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მათი პარტიის წევრებს ქუჩაში თავს დაესხნენ. 9 ოქტომბერი, 2024 წელი

პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მათი პარტიის წევრებს სააგიტაციო მასალის გავრცელების დროს თავს დაესხნენ.

პარტია ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს ფეისბუქზე, სადაც ჩანს რამდენიმე პირი, რომლებიც "საქართველოსთვის" წევრებს სააგიტაციო მასალას ართმევენ.

ვიდეოში ისმის ფრაზა: "აი, გახარიას სადაც ეკუთვნის, პოლიტიკურ სანაგვეში მოხვდება 26 ოქტომბერს", - ამბობს ერთ-ერთი პირი და გიორგი გახარიას პარტიის საარჩევნო პლაკატი ნაგვის ურნისკენ მიაქვს. "ჩვენისთანა ახალგაზრდებით არის, ეს ქვეყანა ფეხზე რომ დგას", - თქვა კიდევ ერთმა პირმა.

"საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ოცნების ზონდერაქტივი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ასე გამოიყურება ოცნების მოჩვენებითი „მშვიდი და სამართლიანი“ წინასაარჩევნო გარემო", - წერია პარტიის, "საქართველოსთვის" ფეისბუქგვერდზე.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური ჰყვება, რომ მათი წარმომადგენლები ამაღლების ქუჩაზე პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც ადგილზე 10-მდე ახალგაზრდა კაცი "მივარდა". ბუჩუკურის თქმით, მათგან ორი პირი იდენტიფიცირებული ჰყავთ და ამ თემაზე ხვალ, 10 ოქტომბერს, ბრიფინგს გეგმავენ.

"იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა, მივარდნა, ჩამოგლეჯა, "ამას არ გაგაკვრევინებთ" და ა.შ. გარდა იმისა, რომ სამართალდარღვევაა სააგიტაციო მასალის დაზიანება, ფიზიკური შეურაცხყოფაც იყო ქალებზე", - ამბობს ის.

ანა ბუჩუკურის თქმით, ადგილზე მივიდა საპატრულო ეკიპაჟიც:

"არ ვიცი რა რეაგირება ექნებათ, თუმცა აბსოლუტურად ყველა ადამიანი იდენტიფიცირებადია".

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათი კომენტარი მიღებისთანავე აისახება ტექსტში.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბრობს. რას ნიშნავს ეს?