ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადადო გერმანიაში ამ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი. მიზეზი ქარიშხალი „მილტონია“, რომელიც ფლორიდის შტატს უახლოვდება და მეტეოსამსახურის პროგნოზით, შესაძლოა, ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდეს.
გერმანიაში ვიზიტისას პრეზიდენტ ბაიდენს მონაწილეობა უნდა მიეღო უკრაინის მხარდაჭერის საკითხების განსახილველად კანცლერ შოლცის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში. დაგეგმილი იყო ჯო ბაიდენის სტუმრობა რამშტაინის ავიაბაზაზეც, სადაც უკრაინის დასახმარებლად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი სხდომაა დანიშნული.
თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, „მილტონის“ პროგნოზირებული სიძლიერის და ტრაექტორიის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გადადო გერმანიასა და ანგოლაში ვიზიტები, რათა პირადად გააკონტროლოს მოსამზადებელი სამუშაოები და რეაგირების ზომები.
ქარიშხალი „მილტონი“, რომელსაც სამშაბათს, 8 ოქტომბერს, სინოპტიკოსებმა მაქსიმალური, მეხუთე კატეგორია, მიანიჭეს, ფლორიდის სანაპიროს 9-10 ოქტომბერს მიაღწევს. სამშაბათს ქარის სიჩქარე 270კმ/სთ იყო.
მოახლოებული შტორმის გამო ფლორიდის შტატში შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს. ხელისუფლებამ ევაკუაციისკენ მოუწოდა პოტენციურად სახიფათო რაიონების მცხოვრებთ.
დაახლოებით ორი კვირის წინ, ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ექვს შტატში, მათ შორის ფლორიდაში, დამანგრეველმა ქარიშხალმა „ჰელენმა“ 230-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ასევე ნახეთ ჯო ბაიდენი 18 ოქტომბერს გერმანიას ეწვევა