ანტიკორუფციული ბიუროს ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით იზრდება

რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი

საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ანტიკორუფციული ბიუროს ბიუჯეტი, 2024 წელთან შედარებით, 3 მილიონით გაიზრდება და 11.5 მილიონი ლარი იქნება.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს ბიუჯეტის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული - ბიუროში ამჟამად 86 ადამიანია დასაქმებული, მომავალი წლიდან კი დაგეგმილია 35 თანამშრომლის დამატება და შესაბამისად, შრომის ანაზღაურებისთვის ჯამში 900 ათასი ლარით მეტი გამოიყოფა.

მომავალ წელს ბიუროს არაფინანსური აქტივების (შეიძლება იყოს უძრავი ქონება, ინტელექტუალური საკუთრება და სხვ.) 1,76 მილიონი ლარით ზრდა იგეგმება.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რით არის განპირობებული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა და კონკრეტულად რომელი მიმართულებებით იმუშავებენ ისინი? ბიუროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ შეკითხვაზე მხოლოდ წერილობით გვიპასუხებენ ათი დღის ვადაში. ამიტომ ანტიკორუფციული ბიუროსგან საჯარო ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ. პასუხის მიღების შემდეგ, ტექსტი განახლდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებსა და პროგრამებში ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად დასახელებულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი“.

2 ოქტომბერს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა 24 სექტემბერს მიღებული თავისივე გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე" სუბიექტებად მიიჩნია. 24 ოქტომბერს, ანტიკორუფციული ბიუროს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ თქვეს, რომ ვეღარ დააკვირდებოდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გამო.

1 ოქტომბერს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ მიმართა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს. ის მიზანშეწონილად მიიჩნევდა, „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი მოხსნოდათ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და სხვა ორგანიზაციებს.

ასევე ნახეთ რაჟდენ კუპრაშვილი აუქმებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შესახებ მიღებულ თავისსავე გადაწყვეტილებას