გერმანიაში, საქსონიის ფედერალური მიწის პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაიწყო ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატ იორგ დორნაუს წინააღმდეგ. ის მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია და ბელარუსში ფლობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას.
სააგენტო dpa-ს ცნობით, საქმე ეხება ბელარუსში, დორნაუს საკუთრებაში არსებულ ხახვის მინდვრებში სამუშაოდ პატიმრების შესაძლო გამოყენებას. გერმანელმა დეპუტატმა სააგენტო dpa-ს და მაუწყებელ DW-ს შეკითხვებს პასუხი არ გასცა.
ინფორმაცია პატიმრების შრომის გამოყენების შესახებ ერთ-ერთი მათგანის ნაამბობზე დაყრდნობით 2024 წლის სექტემბერში გაავრცელა ბელარუსის დამოუკიდებელმა გამოცემამ Reform.news-მა. გამოცემის თანახმად, საწარმო, რომელიც პატიმრების შრომას იყენებს, ბელარუსის გროდნოს ოლქის ლიდის რაიონში დარეგისტრირებული „ციბულკა ბელია“.
გერმანულმა გამოცემა Welt am Sonntag-მა დაადგინა, რომ საწარმოს თანამფლობელია დეპუტატი იორგ დორნაუ, რომელმაც ეს ფაქტი დამალა და ამის გამო საქსონიის ფედერალური მიწის პარლამენტმა 20 862 ევროთი დააჯარიმა.