"ახალი საზარბაზნე ხორცი, ციხეში არ უნდა ლპებოდეს", - ასე გადათარგმნეს პოლიტიკის ექსპერტებმა რუსეთის ხელისუფლების ინიციატივა.
ცვლილებები შევიდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლში („სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეჩერება“), სადაც სასამართლოების მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვალს დაემატება ახალი პუნქტი: „სამხედრო გაწვევა/კონტრაქტი მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის ან ომის დროს“.
კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ბრალდებულის მიმართ, რომელიც გადაწყვეტს ომში წასვლას, სისხლისსამართლებრივი დევნა შეუძლია შეაჩეროს არა მხოლოდ გამომძიებელმა (ხელმძღვანელის თანხმობით), არამედ სასამართლომაც, შესაბამისი დადგენილების გამოცემით. თხოვნა უნდა მოდიოდეს არა მხოლოდ განსასჯელისგან, არამედ იმ სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობისგანაც, რომელშიც მომავალმა ჯარისკაცმა უნდა იმსახუროს.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, რუსეთის სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა ანდრეი კარტაპოლოვმა განმარტა, ადამიანს, რომელმაც ჩაიდინა სოციალურად სახიფათო ქმედება, შეუძლია დანაშაული გამოისყიდოს სპეცოპერაციის ზონაში სამხედრო კონტრაქტით გათვალისწინებული დავალებების შესრულებით.
2023 წლის ივნისში პუტინმა ნება დართო თავდაცვის უწყებას, საკონტრაქტო სამსახურში გაიწვიოს კრიმინალური წარსულის მქონე მოქალაქეები საომარი მდგომარეობის ან მობილიზაციის დროს. სიახლე არ ეხება მათ, ვინც ჩაიდინეს „მძიმე და განსაკუთრებით მძიმე“ ისეთი დანაშაული, როგორიცაა, მაგალითად, ტერორიზმი, ღალატი, ჯაშუშობა.
ასევე ნახეთ “უპირატესობას მკვლელებს ანიჭებენ” - უკრაინასთან ომში რუსეთი პატიმრებს აგზავნის„სიახლე უთუოდ გამოიწვევს სამართალწარმოების დროისა და ფინანსების ეკონომიას! რატომ უნდა ჩატარდეს ძვირადღირებული პროცედურა სრული სასამართლო განხილვის სახით, განსაკუთრებით რთულ მრავალ ეპიზოდურ საქმეებში, რომლებშიც მონაწილეთა დიდი რაოდენობაა ჩართული, თუკი შესაძლებელია ბრალდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილება წინასწარ სხდომაზე?“ - უთხრა გამოცემა „კომერსანტს“ ადვოკატმა რობერტ ზინოვიევმა.
ომი ყველაფერს ჩამოწერს
რუსეთის მთავრობისა და რუსული პროპაგანდის ძალისხმევით, უკრაინის „გასათავისუფლებლად“ ომში გზავნიან ადამიანებს, რომლებსაც რუსეთში თავისუფლება აქვთ აღკვეთილი.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე თვეში რუსეთში ამოქმედდა შეწყალების კონვეიერი - პატიმრებს, ომში წასვლის სანაცვლოდ, ათავისუფლებენ, მიუხედავად მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. ასე აღმოჩნდნენ თავისუფლებაზე მკვლელები, მათ შორის სერიული მკვლელები და კანიბალიზმის ბრალდებით გასამართლებულები.
- სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან დაბრუნებულმა 40 წლის კაცმა ნიჟნი ტაგილში 11 წლის ბავშვი მოკლა და მისი ცხედარი სარდაფში გადამალა. მართლმსაჯულებისათვის თავის დაღწევის მიზნით მამაკაცი კვლავ ფრონტზე დაბრუნებას მოითხოვს.
- ივან როსომახინმა, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფილი მებრძოლია, უკრაინიდან დაბრუნებისთანავე მოკლა პენსიონერი, შემდეგ კი კვლავ გააფორმა კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაემგზავრა. Baza-მ გამოაქვეყნა მისი განთავისუფლების დოკუმენტები: ივან როსომახინმა, რომელსაც 2020 წელს მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის 14-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 2022 წელს გააფორმა კონტრაქტი „ვაგნერთან“ და გაემგზავრა უკრაინაში საომრად. 2023 წლის მარტში, იგი დაბრუნდა კიროვის რეგიონის სოფელ ნოვი ბურეცში, სადაც Baza-ს ინფორმაციით, გააუპატიურა და მოკლა მეზობელ სოფელ ვიატსკიე პოლიანაში მცხოვრები ქალი. 2024 წლის აპრილში როსომახინს მიესაჯა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა კიროვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, თუმცა ის მალე გათავისუფლდა (2024 წლის 19 აგვისტო) კოლონიიდან, რადგან კვლავ გააფორმა კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და გამოთქვა სურვილი დაბრუნებულიყო უკრაინაში.
- არტიომ ბუჩინი ადრე ნასამართლევი იყო მძიმე დანაშაულისთვის. 2022 წლის აგვისტოში, ქალაქ ჩუსოვოიში, მან გააუპატიურა და მოკლა 23 წლის მედდა ტატიანა რეკუტინა. 2023 წლის თებერვალში ბუჩინს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, ციხეში დიდხანს არ მჯდარა. 2023 წლის აგვისტოს ის გაემგზავრა უკრაინაში, საიდანაც, დაჭრისა და შეწყალების მიღების შემდეგ, კვლავ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, სადაც 2024 წლის 29 აგვისტოს, ადგილობრივი პროკურატურიის ვარაუდით, მოკლა ორი ადამიანი - 1996 წელს დაბადებული ქალი და მისი შვიდი წლის ქალიშვილი.
გამოცემა „ვიორსტკას“ მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2,5 წლის განმავლობაში 1,5 ათასამდე მოქალაქე გახდა ომის (ე.წ. СВО-ს) ვეტერანთა მსხვერპლი. გამოცემის გამოთვლით, სულ მცირე 242 ადამიანი იქნა მოკლული, 227-მა კი სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.
„ყოფილი პატიმრები უფრო ხშირად კლავენ, ვიდრე სხვა სამხედრო მოსამსახურეები. ისინი ასევე უფრო ხშირად სჩადიან დანაშაულს ქალების მიმართ. 125-მა ვეტერანმა, რომლებიც ფრონტზე შეწყალების ან პირობით გათავისუფლების შემდეგ მოხვდნენ, კვლავ ჩაიდინეს მკვლელობა ან სიკვდილის გამომწვევი ქმედება, მათგან 54 ნასამართლევი იყო მსგავსი დანაშაულისთვის, ხოლო 3-ს ჰქონდა ნასამართლობა გაუპატიურებისთვის“, - წერს „ვიორსტკა“.
დუმის არგუმენტი: სისხლით გამოსყიდული დანაშაული
რუსეთის დუმის სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირინა პანკინამ, გაიხსენა 2024 წლის მარტში შემოღებული მექანიზმი, რომელიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებენ რუსეთის ფედერაციაში უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს) მონაწილეებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
საუბარია ეჭვმიტანილებზე, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე (სსკ-ის რამდენიმე მძიმე მუხლის გარდა), რომლებმაც გადაწყვიტეს კონტრაქტის გაფორმება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ე.წ. სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. შედეგად, ჩერდება ეჭვმიტანილთა საქმის წარმოება, მსჯავრდადებულის ფაქტობრივი სასჯელი იცვლება პირობითით, ხოლო პასუხისმგებლობისაგან სრული გათავისუფლება ან ნასამართლობის მოხსნა ხდება მხოლოდ სახელმწიფო ჯილდოს მიღების ან სამხედრო სამსახურიდან ასაკის, ჯანმრთელობის ან სამხედრო ოპერაციის დასრულების გამო გათავისუფლების შემდეგ.
„განსასჯელები - ანუ ბრალდებულები, რომელთა საქმე უკვე სასამართლო წარმოებაშია, მაგრამ განაჩენი ჯერ არ დამდგარა, არსებულ მექანიზმში ვერ ხვდებოდნენ. ახალი კანონპროექტები პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას აფართოებს სისხლის სამართლის პროცესის მთელ ციკლზე“, - განმარტა ირინა პანკინამ.
დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა ანდრეი კარტაპოლოვმა კი აღნიშნა, რომ კანონპროექტები „იძლევა საშუალებას, გაფართოვდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტების ბაზა, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს, ასევე სხვა პირობებში“.
დუმის კიდევ ერთმა წევრმა, კომპარტიის წარმომადგენელმა რენატა სულეიმანოვამ იკითხა, ხომ არ ეწინააღმდეგება ცვლილებები სასჯელის გარდაუვალობის პრინციპს? მისი თქმით, არსებითად, იქმნება პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ლეგალური გზა:
„ჩვენ ჯარს ვაქცევთ დამნაშავეებისა და კრიმინალების ბანდად. სამსახურში აგვყავს მარგინალური ელემენტები და ვცდილობთ მათი საშუალებით შევქმნათ შეიარაღებული ძალები“.
თუმცა რუსეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამ შეფასებას კატეგორიულად არ დაეთანხმნენ. დეპუტატ ირინა პანკინას თქმით, ამ ადამიანებმა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება ბრძოლითა და სისხლით უნდა მოიპოვონ.
„ჩვენი ჯარი არასოდეს ყოფილა „მახნოს ბანდა“ და არც არასოდეს იქნება! - განაცხადა გენერალმა კარტაპოლოვმა, - დიახ, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას იმათ, ვისაც ფეხი დაუცდათ. ისინიც ხომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან“.
ასევე ნახეთ რუსეთის არმიის ჯარისკაცები თანამებრძოლებს სასიკვდილოდ იმეტებენ. რატომ?კარტაპოლოვის თქმით, ბევრად მეტ პატიმარს აქვს სურვილი იმსახუროს რუსეთის არმიაში, ბევრი მათგანი ჩივის კიდეც, რატომ გვეუბნებიან უარსო. „სწორედ იმიტომ, რომ რუსეთის ჯარი არ არის ბანდა, რომ ეს არის შეიარაღებული ძალები, რომელიც მიაღწევს ნანატრ გამარჯვებას სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში!” - განაცხადა დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა.
რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს მხარი დაუჭირა 328-მა დეპუტატმა (სამი წინააღმდეგი იყო, შვიდმა თავი შეიკავა), ხოლო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს – 332-მა. საჭირო იყო მინიმუმ 226 ხმა.
შედეგი: მეტი საზარბაზნე ხორცი?
რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის პოლიტიკური ანალიტიკოსის, სერგეი მედვედევის თქმით, სიახლე ფაქტობრივად ანგრევს რუსეთის მართლმსაჯულების სისტემას.
„უკვე დიდი ხანია აღარ მაკვირვებს რუსეთიდან მოსული ამბები - მატარებელი გადავიდა რელსებიდან და საშინელი სიჩქარით მიექანება უფსკრულისკენ, რაღა საჭიროა იმის ცოდნა, თუ რა ხდება მასში. მაგრამ ამ ფონზეც კი, შთამბეჭდავია თვითგანადგურების ის ხარისხი, რომელსაც ვხედავთ. რუსეთში გააუქმეს მართლმსაჯულება. დიდად არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ რაღაც ფორმალური ჩარჩო მაინც იყო, ახლა ოფიციალურად გაუქმდა, ფაქტობრივად, დაანგრიეს სამართალდამცავი სისტემა“, - ამბობს ანალიტიკოსი.
რუსეთში ბევრი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ კანონებში შეტანილი ცვლილებებით რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაიდინონ აბსოლუტურად ნებისმიერი დანაშაული როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევრის, პოლიტოლოგ ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, რუსეთში ფაქტობრივად მართლა გაუქმდა მართლმსაჯულების სისტემა, რაც მეტად თვალსაჩინო გახადა რუსულ ამაზონად წოდებული კომპანიის, Wildberries-ის გარშემო მიმდინარე სისხლიანმა გარჩევამ. პასტუხოვის თქმით, კომპანიის ოფისზე თავდასხმა (რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა) იყო პირველი დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც დანაშაული იმთავითვე იყო დაგეგმილი მოსალოდნელ სასჯელთან ერთად.
ასევე ნახეთ პუტინის უსაფუძვლო ავი სიხარული ახალი ომის გამო„ანუ კრიმინალურ „ბიზნესგეგმაში“ დანაშაულიც იყო გათვალისწინებული და სასჯელიც: მივიდა, მოკლა, მაგრამ ციხის ნაცვლად წავიდა ომში, - ამბობს ვლადიმირ პასტუხოვი ფეისბუკის თავის გვერდზე, - სახელმწიფო, თითქოს შუა საუკუნეების ინკვიზიციაა, მასობრივად შტამპავს ინდულგენციებს. არ ვიცი, როგორ იყო შუა საუკუნეებში, მაგრამ თანამედროვე რუსეთში შესაძლებელია ინდულგენციის მიღება დანაშაულის ჩადენამდე. ეს უკვე თითქმის დიუმაა: ”რაც ამის წარმდგენმა გააკეთა, ჩემი ბრძანებით და სახელმწიფოს სასიკეთოდ გაკეთდა”.
დღეს რუსეთში ინდულგენციის მისაღებად საკმარისია უბრალოდ მიიღოთ სახელმწიფოს შეთავაზება, ოფერტი (offertus) და შემდეგ აკეთე ის, რაც გინდა: მოკალი, გააუპატიურე, მოიპარე და ა.შ. (გარდა ექსტრემისტული აქტივობების ან არმიაზე ფეიკების გავრცელებისა)“.
ლონდონში მცხოვრები რუსი პოლიტოლოგის თქმით, პუტინის რუსეთში თუ ვინმეს დანაშაულზე დაიჭერენ, მას უბრალოდ შეუძლია თქვას ჯადოსნური სიტყვები: „კონტრაქტი ხელმოწერილია“:
„სწორედ აქ მთავრდება მისთვის მართლმსაჯულება და მას ციხის ნაცვლად ფრონტზე აგზავნიან, იქ კი კაცმა არ იცის რა მოხდება ან ვისთან რაზე გარიგდება. მეფისტოფელი და დოქტორი ფაუსტუსი ნერვიულად ეწევიან გვერდზე. მთლიანობაში, სიახლე ხსნის უპრეცედენტო პერსპექტივას სამართლებრივი ცნობიერების გაფართოებისთვის: ომში წასვლის წინ შეგიძლია მოკლა, გაძარცვო, მერე გადაეხვიო ცოლ-შვილს და წახვიდე მორიგი მკვლელობების ჩასადენად, ოღონდ ამჯერად ფრონტზე“.
რუსი ჟურნალისტის ანდრეი მალგინის თქმით, მიღებული კანონები მთლიანად ანგრევს რუსეთის სამართალდამცავ სისტემას, რადგან გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების მთელი მუშაობა უაზრო ხდება. ამ მოსაზრებას არ იზიარებს პოეტი და სამოქალაქო აქტივისტი დმიტრი კუზმინი, რომლის თქმითაც, რუსი მოსამართლეები, გამომძიებლები და პროკურორები სწორედაც რომ წარმოადგენენ რეპრესიულ სისტემას, რომლის ამოცანაც საზარბაზნე ხორცის მიწოდებაზეა ორიენტირებული.
„საზარბაზნე ხორცი ბევრად უფრო სასარგებლოა რეჟიმისთვის, ვიდრე ხორცი, რომელიც ციხეებსა და ზონებში ლპება. ასე რომ, მთელი ამ ხროვის შრომამ ბოლოს და ბოლოს შინაარსი შეიძინა“, - დაწერა დმიტრი კუზმინმა.
რუსეთში ბევრი ფიქრობს, რომ პუტინის სისტემას, რომელიც 2,5 წელია საშინელ, სისხლისმღვრელ ომის აწარმოებს უკრაინაში და მაქსიმალურად თავს არიდებს მობილიზაციის გამოცხადებას, არ ჰყოფნის ე.წ. საზარბაზნე ხორცი, ცოცხალი ძალა, სიახლე კი (ბრალდებულებისა და განსასჯელების ფრონტზე გაგზავნის სახით) ამ დანაკლისის შევსების კარგი საშუალებაა.
„ახლა პუტინი მოახდენს აბსოლუტურად ყველაფრის კრიმინალიზებას, რათა ყველა გაგზავნოს ომში. პუტინს უნდა უფასო ხორცი!“ - დაწერა სოციალურ ქსელში ბლოგერმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა სერგეი კოსტიანოიმ.