„საცემი კი არა, მოსაკლავია“ - ღარიბაშვილის ბიძა ბიზნესმენზე, რომელიც ხელისუფლებას დევნაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ახლო ნათესავს ბიზნესმენები დევნაში ადანაშაულებენ

ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გიყვებით ბიზნესის წართმევასა და გარჩევებზე, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძის ზურაბ გონაშვილის, იგივე „კაკაშას“ მონაწილეობით. გაიგებთ, როგორ სცემეს ერთ ბიზნესმენს და ქვეყნიდან გააქციეს, როგორ ეშინია მეორეს, როგორც თვითონ ამბობს, ღარიბაშვილების შურისძიების და როგორ მიიყვანეს მესამე გაკოტრების პირას. ასევე ნახავთ, როგორ არის ჩართული სახელმწიფო მათ დევნაში.

„აქ საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება“

ეს ყველაფერი ელდარის დაბლობზე დაიწყო, 2022 წელს, როდესაც თელაველმა მეღვინე ძმებმა ლევან და დავით თამარაშვილებმა 600 ჰექტარი მუნიციპალური მიწის ორწლიანი იჯარა ახმეტის მერიის საჯარო აუქციონზე მოიგეს.

შირაქისა და ელდარის ველები საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, დედოფლისწყაროდან 40 კმ-ში, ვაშლოვანის ნაკრძალის სიახლოვესაა გადაჭიმული.

ნახევრად უდაბნო მხარეში ხორბლის საუკეთესო მოსავალი მოდის - ერთ ჰექტარზე საშუალოდ ტონიდან ხუთ ტონამდე.

ძმების იმედები და ბიზნეს-გეგმაც ამას უკავშირდებოდა: მათი კომპანია „ვაზისა და ღვინის ჯგუფი“ ხორბალს მოიყვანდა, სამედიცინო სპირტს გამოხდიდა და მალევე სხვა ბიზნესებსაც დაამატებდნენ. ჰყავდათ ინვესტორიც, რომელიც მზად იყო მომგებიან საქმეში თავდაპირველად 2 მილიონამდე ლარი ჩაედო.

ხორბლის მოსავლის აღება ელდარში. 2024 წლის, ივნისი.

თავად თამარაშვილების ბიზნესიც მყარად იდგა ფეხზე - მილიონიანი ბრუნვით, მსხვილი კლიენტებით, რომლებსაც „ვაზისა და ღვინის ჯგუფი“ ღვინის ქარხნების, მარნების მოწყობასა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიების აწყობაში ეხმარებოდა.

მაგრამ, ელდარის დაბლობზე ახალი ბიზნესის აწყობა ძმებმა ისე დაგეგმეს, რომ იჯარით გასაცემი მიწები წინასწარ არ ჰქონდათ ნანახი.

დავით თამარაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ელდარში ჩასვლამ მათი გეგმები თავდაყირა დააყენა: ტერიტორიის ნაწილი საძოვრებად გადაქცეულიყო და სახნავ-სათესად არ გამოდგებოდა, ნაწილი კი (109 ჰა) ორ ადგილობრივ ფერმერს ჰქონდა მითვისებული და ხორბალი მოჰყავდათ.

როგორც კი ინვესტორმა შეიტყო, რომ მისი პარტნიორები იჯარით აღებული მიწის დაახლოებით მესამედს ვერ გამოიყენებდნენ, საერთო საქმეში ფულის ჩადება გადაიფიქრა.

2022 წლის აგვისტოში „ვაზისა და ღვინის ჯგუფი“ პრობლემების გადაჭრას ცდილობს.

დავით თამარაშვილმა ჯერ ახმეტის გამგეობას გაუგზავნა წერილი, ვითარება აღუწერა, საკუთარი ტერიტორია აზომა და მონიშნა, შემდეგ კი ეცადა გაერკვია, ვინ იყენებდა მის ნაკვეთებს თვითნებურად.

„ელდარის რეგიონში არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, იქ არის არაფორმალური მმართველობა“

ასე იპოვა გიორგი, იგივე გიგოლე ცაძიკიძე, ბიზნესმენი თუშეთიდან. აღმოაჩინა, რომ ცაძიკიძის ოჯახს 30 წელზე მეტია მოჰყავს ხორბალი ელდარის დაბლობზე. ისიც შეიტყო, რომ სოფელ კასრისწყალში, სახნავ-სათეს მიწებთან უახლოეს დასახლებაში მას „ფეოდალს“ ეძახიან.

„გიორგი ცაძიკიძემ მითხრა, რომ აქ, ელდარში ვარ მეო! როცა მიწა აიღე სახელმწიფოსგან, მეტი ყურადღება უნდა გამოგეჩინა, მე ვარ მასპინძელი და შენ სტუმარიო. მალევე გავიგე, რომ ცაძიკიძე წლებია თვითნებურად იყენებს ელდარში სახელმწიფოს მიწებს და ამისთვის პასუხს არავინ სთხოვს“, - ჰყვება დავით თამარაშვილი.

ელდარის დაბლობი, კახეთი. 2024 წლის ივლისი.

„ელდარის რეგიონში არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, იქ არის არაფორმალური მმართველობა“, - დაასკვნის მოგვიანებით ის. იქამდე კი, მას შემდეგ, რაც თავისი ტერიტორიის დაზუსტებულ საზღვრებზე, მიწაში აღმნიშვნელი ნიშნები ჩაარჭო და ეს ნიშნები ამოთხრილი დახვდა, კიდევ ერთი მძიმე საუბარი მოუწია ცაძიკიძესთან.

„მივხვდი, რომ მასთან პრობლემას მარტივად ვერ მოვაგვარებდიო“, და თამარაშვილი ცაძიკიძის ჩამოშორების თხოვნით ახმეტის მერს ხვდება. მერი ბიზნესმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სუსის ადგილობრივ მაღალჩინოსანს ახვედრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან.

როგორ შემოდის საქმეში ახალი პარტნიორი - პრემიერ-მინისტრის ბიძა

თამარაშვილი ახმეტის გამგეობაში ერთ-ერთი მისვლისას იცნობს ადგილობრივ ახალგაზრდას, გიორგი გოგოთიძეს. გოგოთიძე ეუბნება, ცაძიკიძესთან პრობლემები ჩემს ოჯახსაც აქვს, ვერ მოვაგვარეთ და ეგებ ერთად შევძლოთო.

გიორგი გოგოთიძე სოფელ ალვანიდანაა, საჯარო წყაროებში დაცული ინფორმაციით, 2017 წელს ალვანში გამგებლის წარმომადგენელი იყო, 2020-22 წლებში საკუთარი კომპანიით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობდა, დაახლოებით ნახევარი მილიონის სახელმწიფო დაკვეთა მიიღო, აქედან თითქმის ნახევარი - უტენდეროდ, პირდაპირი კონტრაქტით. 2023 წელს ტენდერით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მისი კომპანია შპს „ასიანი“ შავ სიაში შეიყვანეს და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა აუკრძალეს.

თამარაშვილის მონათხრობით, ამ შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში, 2023 წლის იანვარში გიორგი გოგოთიძემ მას გააცნო მეგობარი რამაზ ივანიძე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ახლობლად წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო.

დავით თამარაშვილის ბიზნესპარტნიორები - რამაზ ივანიძე (მარცხნივ), გიორგი გოგოთიძე.

„აღმოჩნდა, რომ რამაზი, რომელიც პოლიციელი იყო, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახთან მეგობრობდა. მითხრა ამ კაცმა… თუ შენ მოგვცემ ნებას, რომ შენი პრობლემა მივიტანოთ პრემიერთან, ირაკლი [ღარიბაშვილი] ჩაერევა ამ საკითხში, როგორც სახელმწიფო ინტერესების დამცველი. რა თქმა უნდა, მე დავეთანხმე“, - ამბობს დავით თამარაშვილი და განაგრძობს:

„შემახვედრეს ზურაბ გონაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძას“

„შემახვედრეს ზურაბ გონაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძას, მე მას ვუთხარი, რომ ეს [ელდარში სახელმწიფო მიწების მითვისება] არაა მხოლოდ ჩემი პრობლემა და თუ სახელმწიფო ინტერესი იქნება დაცული, ყველასთვის კარგი იქნება. დამპირდა, შენს თავს არავის არ დავაჩაგვრინებო, რასაც გეგმავ, კარგია ჩვენი ქვეყნისთვის და შენ გაქვს ჩვენი მხარდაჭერაო“.

ზურაბ გონაშვილი ღარიბაშვილების ოჯახის ახლობელია, ტარიელ ღარიბაშვილის (ირაკლი ღარიბაშვილის მამა) დეიდაშვილის შვილი, თუმცა დედოფლისწყაროში მას ყოფილი პრემიერის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძად და „ღარიბაშვილების მოურავად“ მოიხსენიებენ.

გონაშვილთან შეხვედრის შემდეგ, 2023 წლის მარტიდან, „ვაზისა და ღვინის ჯგუფი“ შვილობილი შპს-ს „ელდარი ჯგუფის“ 75 პროცენტს ახალ მფარველებს აჩუქებს.

კომპანიის წილების განაწილება, 75%-ი ახალ პარტნიორებს გადაეცათ.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამ გარიგების შემდეგ თამარაშვილები „ელდარი ჯგუფში“ 25%-ს იტოვებენ, გაჩუქებული 75% კი თანაბრად ნაწილდება ღარიბაშვილის ბიძა ზურაბ გონაშვილზე, ლაზარე ივანიძესა (რამაზ ივანიძის ძმა) და გიორგი გოგოთიძეზე. ამ გარიგების შემდეგ ახალმა პარტნიორებმა, როგორც თავად ყვება, თამარაშვილი პრემიერ- მინისტრის მამას, ტარიელ ღარიბაშვილსაც შეახვედრეს.

„ტარიელ ღარიბაშვილსაც მოვუყევი ელდარში ჩემი ბიზნესგეგმების შესახებ, ვუთხარი, რომ ელდარში ასევე ვაპირებდი ხორბლის ჯიშების მუზეუმის, სარწყავი სისტემის, მზის პანელების მოწყობას და მისგანაც მივიღე მხარდაჭერის პირობა“, - იხსენებს ის.

როგორ "იკარგებიან" ახალი პარტნიორები

ვიდრე დავით თამარაშვილი ადგილობრივი გავლენიანი ჯგუფის მფარველობის მოპოვებას ცდილობს, გიორგი ცაძიკიძე თამარაშვილის მიწის უნებართვოდ დამუშავებას განაგრძობს.

ცაძიკიძეს მისი დათესილი ხორბლის მოსავლის დათმობა მოგვიანებით, დავით თამარაშვილისა და მისი ახალი პარტნიორებისთვის, მათ შორის - პრემიერ ღარიბაშვილის ბიძისთვის, ხელჩართული ჩხუბის შედეგად მოუწევს.

თამარაშვილი ამბობს, რომ 2022 წლის მოსავალი დაახლოებით 100 ტონა გამოვიდა. ხორბლისგან სამედიცინო სპირტი გამოხადეს და დაახლოებით 100 ათას ლარად გაყიდეს; ფული პარტნიორებმა აიღეს - მაშინ ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ შემოსავალს საერთო ბიზნესს ვახმარდიო, ირწმუნება ის.

„ჩემს მიწებზე ნაწილობრივ ჩემივე ხარჯებით დათესეს ხორბალი, მოსავალიც აიღეს ისე, რომ მე აღარ გამაკარეს…“

2023 წლის შემოდგომის ხვნა-თესვის წინ, დავით თამარაშვილმა ელდარში ნაკვეთების დასამუშავებლად პარტნიორებს დამატებით 80 ათასი ლარი გადასცა, ნაწილი სათესლე ხორბლის და საწვავის სახით, 34 ათასი ლარი კი გიორგი გოგოთიძის მეგობრის ანგარიშზე გადარიცხა.

2023 წლის დეკემბერში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ ხდება - თამარაშვილის კომპანიამ ელდარის მიწებიდან 100 ჰექტარი გიორგი გოგოთიძის თხოვნით მის კიდევ ერთ მეგობარს გადასცა ქვეიჯარით.

დავით თამარაშვილი ჰყვება, რომ სწორედ ამ მომენტიდან მისი გავლენიანი პარტნიორები „იკარგებიან“:

„ვრეკავ - არ მპასუხობენ, მივაკითხე, შევუთვალე, მესიჯი მივწერე, სრული იგნორი.

არსად აღარ არიან, ვეღარ ვპოულობ. [ამასობაში] ჩემს მიწებზე ნაწილობრივ ჩემივე ხარჯებით დათესეს ხორბალი, მოსავალიც აიღეს ისე, რომ მე აღარ გამაკარეს… ჯერ იქაურ ფეოდალს ცაძიკიძეს ვებრძოდი, შემდეგ კი ახლად შეძენილმა პარტნიორებმა მომატყუეს“.

ზურაბ გონაშვილი "კაკაშა", ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი.

დავით თამარაშვილმა რადიო თავისუფლებას პარტნიორებთან მიმოწერის ისტორია აჩვენა, რითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 5 თვეა ის ამაოდ ცდილობს გიორგი გოგოთიძესთან დაკავშირებას. გოგოთიძე გზავნილებს არ პასუხობს, რამდენჯერმე წერს, გადმოგირეკავო, მაგრამ აღარ რეკავს.

თამარაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილის ბიძამ და მისმა ახლობლებმა მოატყუეს: მასთან ოფიციალური პარტნიორობა ადგილობრივი „ფეოდალის”, გიორგი ცაძიკიძის შესავიწროებლად გამოიყენეს და ელდარში, თამარაშვილის მიწებზე მოყვანილი ხორბალიც მიითვისეს.

ამასობაში, იჯარიდან ორი წელი გავიდა, ახმეტის გამგეობასთან ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, - თამარაშვილის კომპანიას 531 ათასი ლარი აქვს გადასახდელი, ამას დაემატება სანქცია-საურავებიც.

კაცურად გეტყვით, არავითარი შეხება არ მქონია“ - ეუბნება „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა ზურაბ გონაშვილი, იგივე "კაკაშა", რადიო თავისუფლებას და ჯერ უარყოფს თამარაშვილებთან კავშირს, შემდეგ კი ირწმუნება, რომ საერთო ბიზნესიდან გასულია. საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით (10/10/2024) ის ამ დრომდე თამარაშვილების კომპანიის შვილობილი ფირმის "ელდარი ჯგუფის" თანადამფუძნებელია.

ზურაბ გონაშვილი, "კაკაშა"

„ელდარელი ფეოდალი“

რადიო თავისუფლება ამ ისტორიის კიდევ ერთ დაზარალებულზე გიყვებათ. ეს ელდარელი მიწათმოქმედი გიორგი ცაძიკიძეა, რომელთან პრობლემის მოსაგვარებლადაც მიმართა თამარაშვილმა ღარიბაშვილის ახლობლებს და კომპანიის წილიც გადასცა.

2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, მეწარმე „გიორგი ცაძიკიძეს“ 24 მილიონი ლარის ქონება აქვს: შენობები, ტექნიკა და მიწები. საჯარო რეესტრის მიხედვით, გიორგი და ალექსი ცაძიკიძეები კახეთში რამდენიმე ათას ჰექტარ ტერიტორიას ფლობენ. ასევე, გარკვეული საზღაურის ფასად ცაძიკიძეები ალვანელების მიწებსაც ქირაობენ და ამუშავებენ.

ამას გარდა, რადიო თავისუფლებას არაერთი წყარო უდასტურებს, რომ წლების განმავლობაში დამატებით, ჰექტრობით სახელმწიფო მიწაზე ცაძიკიძეებს ხორბალი ისე მოჰყავდათ, რომ სახელმწიფოს იჯარის ქირას არ უხდიდნენ.

„[გიგოლე ცაძიკიძე] ამბობდა, აქ მე ვარო, მეო… სახელმწიფო მიწებზე თესავდა… სხვებს ავიწროვებდა…“

სოფელ კასრისწყალში, ელდარის ნოყიერი მიწების სიახლოვეს, გიგოლე ცაძიკიძეზე საუბარს ღიად ერიდებიან, თუმცა ყვებიან, რომ ის „ამბობდა, აქ მე ვარო, მეო… სახელმწიფო მიწებზე თესავდა… სხვებს ავიწროვებდა…“.

თავად ცაძიკიძეების შევიწროება მას შემდეგ იწყება, რაც დავით თამარაშვილის ბიზნესპარტნიორი და მფარველი, იმ დროის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი გახდა.

თამარაშვილსა და ძმებ ცაძიკიძეებს შორის 2024 წლის აგვისტოში გამართული საუბრების ჩანაწერებში, რომლებიც რადიო თავისუფლებამ მოისმინა, ცაძიკიძეები დაწვრილებით ჰყვებიან, როგორ დაემუქრა მათ ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა, როგორ წაართვეს მოსავალი, სასტიკად სცემეს ერთ-ერთ ძმას და აიძულეს საქართველოდან გაქცეულიყო. ისინი ასევე ირწმუნებიან, რომ ახლა მათ კომპანიას სახელმწიფო უწყებები ავიწროებენ.

რადიო თავისუფლებამ რამდენჯერმე სცადა ძმებ ცაძიკიძეებთან დაკავშირება. ადვოკატი ამბობს, რომ მის კლიენტებს ახლა არ სურთ ჟურნალისტებთან საუბარი, თუმცა აუდიოჩანაწერებისა და იმ დოკუმენტების საფუძველზე, რაც რადიო თავისუფლებამ შეისწავლა, ბიზნესგარჩევებისა და შევიწროების საკმაოდ დეტალური სურათის აღდგენა შეიძლება.

ღარიბაშვილის ბიძა „ელდარელი ფეოდალის“ წინააღმდეგ

აუდიოჩანაწერების მიხედვით, 2023 წლის გაზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილის ბიძა და მისი ახლობლები დავით თამარაშვილის პარტნიორები და მფარველები გახდნენ, ცაძიკიძეები გააფრთხილეს, რომ თამარაშვილის მიწებს აღარ გაკარებოდნენ. მათ ამ მიწების ნაწილზე ხორბალი უკვე დათესილი ჰქონდათ.

ზურაბ გონაშვილი, "კაკაშა"

ალექსი ცაძიკიძე ჰყვება, როგორც კი მივხვდი, რომ ჩემს ძმასა და ღარიბაშვილის ბიძას, „კაკაშას“ ხალხს შორის ურთიერთობა იძაბებოდა, ახლობლის მეშვეობით „კაკაშასთან“ შეხვედრა შევათანხმეო.

2023 წლის ივნისში, როდესაც ელდარში ხორბლის მოსავლის აღება იწყებოდა, ალექსი ცაძიკიძე „კაკაშას“ ხვდება. შეხვედრას მისი მეგობარიც ესწრება. იმედი აქვს, რომ გონაშვილს ხორბლის დათესვის ხარჯების ანაზღაურებაზე მაინც დაითანხმებს, ან მოსავალს დაუტოვებენ.

Your browser doesn’t support HTML5

ალექსი ცაძიკიძე დავით თამარაშვილს კაკაშასთან შეხვედრის შესახებ უყვება

ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში, 2023 წლის 15 ივნისს, „კაკაშას“ პარტნიორებმა თამარაშვილის მიწებზე ცაძიკიძეების დათესილი ხორბლის მოსავლის აღება დაიწყეს.

გიორგი ცაძიკიძე იხსენებს, რომ თბილისიდან ბრუნდებოდა, როცა ნაკვეთზე, სადაც ხორბალი ჰქონდა დათესილი, კომბაინები შეამჩნია, მანქანიდან ჩამოვიდა და ვითარების გარკვევას ეცადა.

"რა ხდება აქ მეთქი ეგ სიტყვა ვთქვი და ეგრევე დამცხეს საერთოდ სიტყვა არ მათქმევინეს... იარაღიც გამოიყენეს დაგდებული რომ ვიყავი" - იხსენებს ცაძიკიძე მისი ცემის დეტალებს.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი ცაძიკიძე დავით თამარაშვილს მისი ცემის დეტალებს უყვება

ცაძიკიძეები ამბობენ, რომ ცემის დროს იქ იყვნენ რამაზ და ლაზარე ივანიძეები და გიორგი გოგოთიძე, "კაკაშა" კი საქმეში დედოფლისწყაროს საავადმყოფოში დარეკილი ზარით ჩაერია.

იქამდე 112-ზე ცაძიკიძის ოჯახის წევრებმა დარეკეს, ყვებიან, რომ ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა სასტიკად ნაცემი ცაძიკიძე დედოფლისწყაროს საავადმყოფომ კოვიდზე შეამოწმა და არ მიიღო.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი ცაძიკიძე ჰყვება როგორ არ მიიღეს დედოფლისწყაროს საავადმყოფოში

იმავეს უყვება ალექსი ცაძიკიძე დავით თამარაშვილს.

დავით თამარაშვილი: ძაან სცემეს?

ალექსი ცაძიკიძე: ხოო, ცხვირ-პირი არ ეტყობოდა, ისე იყო. წითელწყაროში (დედოფლისწყაროში რ.თ.), აქ საავადმყოფოში არ მიიღეს, არ შეუშვეს „სკორი“, დარეკილი იყო და არ შეუშვეს.

დავით თამარაშვილი: რატომ, პანდემია იყო მაგ დროს?

ალექსი ცაძიკიძე: არა, არ იყო.

დავით თამარაშვილი: აბა, რატომ არ შეუშვეს?

ალექსი ცაძიკიძე: „პრიკაზი“ ეგეთი იყო იქედან, არ შეუშვეს. თბილისში წაიყვანეს.

„ტვინის შერყევა, თავის და ყბის ტრავმა“

დედოფლისწყაროს საავადმყოფო სახელმწიფო კლინიკაა. რადიო თავისუფლებას კლინიკის ხელმძღვანელმა ხათუნა აგლაძემ უთხრა, რომ გიორგი ცაძიკიძის კლინიკაში მიყვანა საავდმყოფოს დოკუმენტებში არსად სჩანს, შესაბამისად, ბიზნესმენი მათთან არც კოვიდზე შეუმოწმებიათ, როგორც ამას თავად ცაძიკიძე ჰყვებაო.

ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში საავადმყოფოს ხელმძღვანელი თავად გვიკავშირდება, და მანამდე ნათქვამს აზუსტებს. გავარკვიე, რომ „კარგად ნაცემი“ გიორგი ცაძიკიძე მართლაც მოუყვანიათ ოჯახს საავადმყოფოს ეზოში, მაგრამ დახმარებაზე უარი გვითხრა. სახის დაზიანებები ჰქონდა და მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი არ გვქონდა, თბილისში გადაწყვიტა წასვლაო. საავადმყოფოს ხელმძღვანელი უარყოფს, რომ ვინმემ დაურეკა და სთხოვა ცაძიკიძე არ მიეღოთ.

ნაცემი გიორგი ცაძიკიძე ოჯახმა იმავე ღამეს თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.


რადიო თავისუფლებამ ნახა სამედიცინო დოკუმენტაცია, სადაც მისი ჩივილები და დაზიანებებია აღწერილი.

სამედიცინო ჩანაწერი - ინგოროყვას კლინიკა

(პაციენტის მიყვანის დრო 15 ივნისი, 2023 წ. 23:45 წთ.)

პაციენტი უჩივის ტკივილს სახის არეში, ასევე აღნიშნავს ზომიერ ტკივილს გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, ნეკნთა რკალის დონეზე. პაციენტის გადმოცემით სცემეს და მიაყენეს ტრავმა აღნიშნულ მიდამოებში.

სახის მარჯვენა ნახევარში რბილი ქსოვილები შეშუპებულია, პალპაციით მტკივნეულია მარჯვენა ყვრიმალის, საფეთქელ ქვედა ყბის სახსრის და ლოყის მიდამო, პირის გაღება შეზღუდულია...

ზედა ტუჩზე აღენიშნება ნახეთქი ჭრილობა, ასევე ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება პირის ღრუში ზედა ტუჩის ლორწოვანზე. ესაჭიროება სახის ძვლების ტომოგრაფიული კვლევა. ჭრილობები შეიკერა როგორც პირს გარეთ ასევე პირს შიგნით, კვანძოვანი ნაკერებით“.

ორი დღის შემდეგ გიორგი ცაძიკიძე ძლიერი თავის ტკივილით 112-ის სამედიცინო ბრიგადამ, თბილისში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ მიიყვანა. იქ მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. სამედიცინო დოკუმენტაციაში წერია, რომ პაციენტს აქვს თავის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა.

სამედიცინო ჩანაწერი - „ჯეო ჰოსპიტალი“

პაციენტის მიყვანის დრო 17 ივნისი, 2023 წ. შუადღე

„ანამნეზიდან ირკვევა, რომ დაახლოებით 3 დღის წინ კონფლიქტის შედეგად ტრავმა მიიღო თავზე და სახის მიდამოში ჩხუბის დროს, თავში ჩაარტყეს ბლაგვი საგანი, მცირე ხნით დაკარგა გონება. ჰქონდა გულის რევა, ღებინება, ამჟამად აღენიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, უჩივის ტკივილს სახის არეში, ქვედა ყბის მოძრაობის რამდენადმე შეზღუდვას“.

გიორგი ცაძიკიძე აუდიოჩანაწერში თავის ცემას ვალერი გელაშვილის ცემას ადარებს.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი ცაძიკიძე ჰყვება, რომ ისევე სცემეს, როგორც 2005 წელს ვალერი გელაშვილი

ვალერი გელაშვილი ოთხგზის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, პირველად 1999 წელს, ბოლოს 2016 წელს.
2005 წლის ზაფხულში მას სასტიკად სცემეს ქუჩაში. გელაშვილი თავის ცემას მაშინდელ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან უთანხმოებას უკავშირებდა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი, მისი ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სხვა მაღალჩინოსანი სამართალდამცავები დამნაშავედ ცნო გელაშვილზე თავდასხმის და ცემის ორგანიზებაში, და მათ მრავალწლიანი სასჯელი მიესაჯათ.

გაჭიანურებული გამოძიება

დედოფლისწყაროს პოლიციამ გიორგი ცაძიკიძის ცემის შესახებ 112-ში შესული შეტყობინებით გაიგო და გამოძიება ჯგუფური ძალადობის, სისხლის სამართლის კოდექსის, 126-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

გენერალურ პროკურატურაში ერთ წელზე მეტია დევს წერილი ცაძიკიძეზე თავდასხმის დეტალური აღწერით. რადიო თავისუფლებას ნანახი აქვს ეს დოკუმენტიც:

„ზემოაღნიშნული პიროვნებები [ რამაზ და ლაზარე ივანიძეები და გიორგი გოგოთიძე] გიორგი ცაძიკიძეს სასტიკად გაუსწორდნენ, მიწაზე დაგდებულ ცაძიკიძეს სცემდნენ სახეში და მთელ სხეულზე, ცემის დროს სცადეს მისი დახრჩობა, ცაძიკიძეს ყელზე ეკიდა სქელი ჯაჭვი (ე.წ. ცეპი) და მისი მეშვეობით ცდილობდნენ გაეგუდათ, ყელზე მოჭერის გამო დაკარგა გონება, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით და შვილის მოკვლით.
მანქანიდან გადმოიტანეს დანა და ემუქრებოდნენ ყელის გამოჭრით და ყურის მოჭრით. ცემისას ერთ-ერთმა მოძალადემ მუცელში ძლიერად ჩაარტყა ფეხი გიორგი ცაძიკიძეს. ტკივილის შეგრძნება იმდენად დიდი იყო, რომ თავდამსხმელები მიხვდნენ, რომ თუ კიდევ გააგრძელებდნენ ცემას, გიორგი ცაძიკიძე ვეღარ გადარჩებოდა. მას მთელი სახიდან სისხლი ჩამოსდიოდა, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი როგორც გარედან, ისე შიგნიდან“.

"არ გვიცემია, არც იარაღი არ გვისვრია“, - უთხრა გიორგი გოგოთიძემ რადიო თავისუფლებას, თუმცა იქვე დაადასტურა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ის რამდენჯერმე გამოკითხეს.

რადიო თავისუფლებამ ძმებ ივანიძეებთან დაკავშირება ვერ შეძლო.

ტერიტორია, სადაც გიორგი ცაძიკიძეს სცემეს.

სწორედ ივანიძეების გამო, რაკი ისინი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, მოგვიანებით, საქმის გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც დაიწყო. მალევე დაინიშნა რამდენიმე ექსპერტიზა.

ექსპერტიზის დანიშვნიდან ერთ წელზე მეტი გავიდა, თუმცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა ამ დრომდე ვერ მოამზადა. სწორედ ამ დასკვნის არარსებობის მიზეზით, პროკურატურა დღემდე უარს ამბობს ნაცემი ცაძიკიძის დაზარალებულად ცნობაზე.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ექსპერტიზა კომპლექსურია და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. იურისტები, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ერთხმად ამბობენ, მსგავსი ექსპერტიზის ჩატარებას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ერთი წელი.

ცაძიკიძე ამბობს, რომ მისი საქმის გამოძიებას ირაკლი ღარიბაშვილის გავლენების გამო აჭიანურებენ და მას საჩივრის გატანასაც სთხოვენ. არანაირ მოლაპარაკებებზე არ წავალ, თუ არ მოახდენენ რეაგირებას, სტრასბურგში წავიღებ ჩემს საქმესო - ამბობს ის.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი ცაძიკიძე მისი ცემის გამოძიების გაჭიანურებას ირაკლი ღარიბაშვილს უკავშირებს

რადიო თავისუფლებამ სამართალდამცავ ორგანოებში დასმულ კითხვებზე, რა ეტაპზეა ცაძიკიძის ცემის საქმის გამოძიება, რატომ არ აქვს მას დაზარალებულის სტატუსი და გამოიკვეთა თუ არა თავდამსხმელების ვინაობა, მოკლე პასუხი მიიღო - „მიმდინარეობს გამოძიება“.

უპასუხოდ დარჩა გენერალურ პროკურატურაში გაგზავნილი შეკითხვები.

ცემის ამბავი იცის ომბუდსმენმაც, მას გიორგი ცაძიკიძემ მიმართა. რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის აპარატში უთხრეს, რომ ამ საქმით ომბუდსმენი 2023 წელს დაინტერესდა და იმ წლის სექტემბრის მონაცემებით, გამოძიება მიმდინარეობდა, საქმის ახლანდელი მდგომარეობა ომბუდსმენისთვის უცნობია.

ცაძიკიძეების ტექნიკა მოსავლის აღების დროს. 2024 წლის, ივნისი.

სახელმწიფო უწყებები ცაძიკიძის წინააღმდეგ, 1,4-მილიონიანი ჯარიმა

ცემიდან მალევე, გიორგი ცაძიკიძემ ადვოკატი აიყვანა და სხვადასხვა უწყებას დამნაშავეების დასჯა მოსთხოვა.

ამ ოფიციალური მიმართვებიდან რამდენიმე დღეში თვითონ მოექცა სახელმწიფო უწყებების დარტყმის ქვეშ.

2023 წლის 2 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა „ინდ. მეწარმე გიორგი ცაძიკიძის“ საქმიანობის ბოლო 3 წლის საგადასახადო შემოწმება დაიწყო.

შემოწმების ინიციატორი საგამოძიებო სამსახური, იგივე ფინანსური პოლიცია იყო. ცაძიკიძეები ჰყვებიან, რომ 10 აგვისტოს მაკონტროლებლები მათ სხვადასხვა მისამართზე, მათ შორის გიორგი ცაძიკიძის სახლში, ერთდროულად შევიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს - სულ გადაატრიალეს ყველაფერი, ვერაფერი იპოვესო.

Your browser doesn’t support HTML5

ცაძიკიძეები საუბრობენ სახელმწიფო მაკონტროლებლების მხრიდან ზეწოლაზე

რადიო თავისუფლებამ ნახა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, 2023 წლის 16 ნოემბერს „ინდ. მეწარმე გიორგი ცაძიკიძეს“ 1 მილიონ 432 ათასი ლარი დაეკისრა.

ფინანსურმა პოლიციამ დიდი ოდენობის გადასახადების შესაძლო დამალვის გამოძიება დაიწყო. რა ბედი ეწია ამ გამოძიებას, ვერ გავარკვიეთ. საგამოძიებო სამსახურმა გამოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

გიორგი ცაძიკიძემ ჯარიმა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტსა და ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში უშედეგოდ გაასაჩივრა. ახლა ის ელოდება, როდის დანიშნავს მის საჩივარზე განხილვას საქალაქო სასამართლო.

კიდევ ერთი უწყება, რომელმაც ცაძიკიძეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოა.

სოფელ კასრისწყალში, 11 ჰექტარ სახელმწიფო მიწაზე ცაძიკიძეებს 15 წლის განმავლობაში ჰქონდათ მოწყობილი სასოფლო ტექნიკის სადგომი, ხორბლის საწყობი და საცხოვრებელი შენობა. 2024 წლის 8 ივლისს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ნაკვეთის იჯარით გადაცემა შეწყვიტა, ოფიციალურ მიზეზად სააგენტოს კახეთის წარმომადგენელმა ხელშეკრულების ვადის გასვლა დაასახელა.

დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ ამ მიწაზე იჯარის ვადა 13 წლის წინ დასრულდა, თუმცა მაშინ იჯარის ჩანაწერი არ გაუუქმებიათ.

კითხვაზე, რატომ გაახსენდათ ახლა რეესტრში იჯარის გაუქმება? - სააგენტოს კახეთის სამმართველოს წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უპასუხა: „თბილისიდან მოგვივიდა დავალება, შეგვემოწმებინა ეს საკადასტრო კოდი, შევამოწმეთ, ვნახეთ, ვადა იყო გასული და გავაუქმეთ“.

„კაკაშამ მიწა მთხოვა და არ დავუთმე“

2023 წლის აგვისტოში, მის სახლსა და ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, რასაც თავად „სპეცოპერაციას“ უწოდებს, გიორგი ცაძიკიძემ ქვეყანა დატოვა. ის დღემდე საზღვარგარეთ ცხოვრობს.

ცაძიკიძეები ამბობენ, გიორგი ქვეყნიდან რომ არ წასულიყო, ღარიბაშვილების ოჯახის შურისძიებას ვერ აირიდებდნენ - დავით თამარაშვილის დახმარებით „კაკაშას“ იმის დამადასტურებელი ფაქტები აქვს, რომ სხვის საიჯარო მიწაზე ვიყავით შეჭრილი და ამას ჩვენ წინააღმდეგ იყენებდაო.


აუდიოჩანაწერში ძმები რამდენიმე სხვა მიზეზსაც ასახელებენ, რის გამოც მათ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი „გადაემტერა“. მათ შორისაა, 40 ჰექტარი მიწის გადაცემაზე უარი და წნორში, ხორბლის დაბალი ფასის გამო გამართულ საპროტესტი აქციაში მონაწილეობა.

Your browser doesn’t support HTML5

ცაძიკიძეები საუბრობენ ზურაბ გონაშვილის, „კაკაშას“ მხრიდან შურისძიების მიზეზებზე

რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარო უდასტურებს, რომ გიორგი ცაძიკიძე მართლაც მონაწილეობდა 2023 წლის 10 მაისს, კახეთში, წნორში გამართულ აქციაში, როცა ფერმერებმა ხორბლის დაბალი ფასის გამო საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ალექსი ცაძიკიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბიძასა და მამასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ისტორიას ჰყვება. გიორგის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ „კაკაშამ“ მეგობრის შუამავლობით მას შესთავაზა, ერთობლივად დაეთესათ ცაძიკიძეების მომიჯნავე 100-ჰექტარიანი სახელმწიფო ნაკვეთი და მოსავალი თანაბრად გაეყოთ. ალექსი ცაძიკიძემ ეს შერიგების დასაწყისად მიიჩნია და დათანხმდა და ხორბალი საკუთარი ხარჯით დათესა:

„როგორც კი დათესვა მოვრჩით, ერთ კვირაში მირეკავენ ამოდიო, პაპამ გაიგო და გაბრაზდაო, ტარიელამ (ირაკლის ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი) გაიგოო. შევედით ოთახში „კაკაშა“, 5-6 კაცი ჩემი ძმაკაცი"…

ამ საუბრის შემდეგ, როგორც ალექსი ცაძიკიძე ამბობს, სახელმწიფო მიწაზე დათესილი ხორბალი ისევ „კაკაშას ხალხმა" აიღო. ხარჯების ანაზღაურება არავის გახსენებია.

Your browser doesn’t support HTML5

ალექსი ცაძიკიძე ჰყვება როგორ დაათესინა „კაკაშამ“ სახელმწიფო ნაკვეთი და წაართვა მოსავალი

ელდარის სახელმწიფო მიწები

ელდარის დაბლობზე რამდენიმე ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობია, აქედან ერთი შედარებით მცირე ნაწილი კერძოა, მეორე ნაწილი ეკუთვნის სახელმწიფოს და ახმეტის მუნიციპალიტეტს.

ჟურნალისტური გამოძიებისას რადიო თავისუფლებამ, მრავალ წყაროზე დაყრდნობით, აღმოაჩინა, რომ სახელმწიფო მიწების დიდ ტერიტორიას წლებია სხვადასხვა ხალხი თვითნებურად იყენებს: ზოგი ფერმერი მისი კუთვნილი ნაკვეთის მიმდებარედ ამუშავებს დამატებით რამდენიმე ათეულ ჰექტარ სახელმწიფო მიწას, ზოგი კი იჯარით იღებს დიდ სახელმწიფო ნაკვეთს, შემდეგ იჯარის ხელშეკრულებას ვადაზე ადრე წყვეტს და ნაკვეთის დამუშავებას აგრძელებს.

ასე იყენებდნენ ძმები ცაძიკიძეები სახელმწიფო მიწებს 2023 წლამდე.

ისინი დავით თამარაშვილთან საუბრებისას, აუდიო ჩანაწერებში ადასტურებენ, რომ ახმეტის გამგეობის კუთვნილი მიწების ნაწილს თავიანთი ტექნიკით „კაკაშასთან“ დაპირისპირებამდე ამუშავებდნენ.

2024 წლის ივნისში, მაშინ როცა ხორბლის მოსავლის აღება ელდარში ახლად დაწყებული იყო, რადიო თავისუფლებამ საჯარო რეესტრის აპლიკაციით (maps.napr.gov.ge) შეისწავლა სახელმწიფოს ნაკვეთები.

შვიდ სახელმწიფო ნაკვეთზე, ჯამში 7 მლნ კვადრატულ მეტრზე (700 ჰექტარი), რომელიც საჯარო რეესტრის უახლესი ამონაწერით არ არის იჯარით გაცემული, ელდარში ჩასულებს ხორბლის ყანა დაგვხვდა, ნაწილზე მოსავალი ახლად აღებული იყო.

საჯარო რეესტრის და გუგლ ერსის აპლიკაციით გავარკვიეთ, რომ ამ მიწებზე ხორბალი ბოლო წლებშიც იყო დათესილი. არადა, ეს ტერიტორია იჯარით გაცემული არც მაშინ ყოფილა.

უნებართვოდ დამუშავებული სახელმწიფო მიწები ელდარის დაბლობზე. 2024 წლის ივნისი.

ადგილობრივების მითითებით, რადიო თავისუფლებამ ელდარში ნახა ერთ-ერთი ყველაზე უხმოსავლიანი ტერიტორია. სახელმწიფო მიწის 400 ჰექტარი, მინდვრები, სადაც დაახლოებით 600 დიდი საფეხბურთო მოედანი დაეტეოდა, მთებითაა გარშემორტყმული, რაც, როგორც ჩანს, ამ მიწას ტენიანობას უნარჩუნებს - აუცილებელ პირობას კარგი მოსავლისთვის. საჯარო რეესტრის მიხედვით, არც ეს მიწაა იჯარით გაცემული, თუმცა 2024 წლის 25 ივნისს, იქ ხორბალი იყო დათესილი.

რადიო თავისუფლება ესაუბრა მომიჯნავე ნაკვეთების კერძო მფლობელს, რომელმაც დაადასტურა, რომ გასულ წლებში ამ ნაკვეთების ნაწილს ცაძიკიძეების ტექნიკა ამუშავებდა, თუმცა იქვე გვითხრეს, რომ წელს ცაძიკიძეები აღარ გამოჩენილან - ხორბალი ამ მიწაზე სხვებმა აიღეს.

„ცაძიკიძეების იყო, ეგენი თესავდნენ. წელს სხვა ტექნიკა ტრიალებდა, ამათი არ იყო. ესენი არ არიან… მაგათი ტექნიკა არ ტრიალებდა, აქაური ტექნიკა საერთოდ არ იყო. ცაძიკიძეებს 10 კომბაინი ყავს და სხვებს ფულს ხომ არ გადაუხდიდა, სხვა ტექნიკით რატომ აიღებდნენ“, - ეუბნება კასრისწყალელი მიწათმოქმედი რადიო თავისუფლებას.

სახელმწიფო მიწის თვითნებურად გამოყენება კანონით ჯარიმით ისჯება.

რადიო თავისუფლებას ახმეტის გამგეობამ უთხრა, რომ ბოლო 5 წელიწადში მიწის უნებართვოდ სარგებლობის მხოლოდ 9 შემთხვევა გამოავლინეს, გაფრთხილებით შემოიფარგლნენ და არავინ დაუჯარიმებიათ.

დააჯარიმა თუ არა ვინმე ქონების მართვის სააგენტომ, ამ და სხვა კითხვებზე რადიო თავისუფლების შეკითხვებს კანონის დარღვევით, სააგენტო უკვე 2 თვეა არ პასუხობს. სწორედ ეს სააგენტოა ელდარში სახელმწიფო მიწების განმკარგველი. სააგენტოს კახეთის ოფისში გვითხრეს, რომ ისინი სახელმწიფო მიწების მონიტორინგს არ ახდენენ, ამის რესურსი არ აქვთ.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ვინ, როდის და რომელ სახელმწიფო მიწებს ამუშავებს ელდარში, ყველაზე კარგად ძმებმა ცაძიკიძეებმა იციან. დავით თამარაშვილთან საუბრისას, რომლის ჩანაწერი მოსმენილი აქვს რადიო თავისუფლებას, ძმები ამბობენ, რომ წელს სახელმწიფო მიწებზე ხორბლის მოსავალი, 500 ტონაზე მეტი, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძამ და მისმა პარტნიორებმა - რამაზ ივანიძემ და გიორგი გოგოთიძემ აიღეს. ისინი ახსენებენ ღარიბაშვილის მამასაც.

Your browser doesn’t support HTML5

ცაძიკიძეები ყვებიან „კაკაშას“ და მისი ხალხის მიერ სახელმწიფო მიწების უკანონოდ გამოყენებაზე

„ღარიბაშვილები გვდევნიან და გვავიწროებენ“

ელდარში ორი სოფლის, ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობასაც აქვს საკომლო მიწის ნაკვეთები - კომლზე დაახლოებით 0,65 ჰექტარი. ამ მხარეში ყველაზე ნაყოფიერი, გაშლილი, სწორი რელიეფის გამო ადვილად დასამუშავებელი და მიმზიდველი მიწები, მათ ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს, მიწის რეფორმის შედეგად დაიმტკიცეს. ნაკვეთები სოფლებიდან ათეულობით კილომეტრითაა დაშორებული და ამიტომ დაახლოებით 25 წელია ალვანელები მსხვილ ბიზნესმენებს აძლევენ თავიანთი მიწებით სარგებლობის უფლებას და სანაცვლოდ ხორბალს იღებენ, ერთ ნაკვეთში დაახლოებით 350 კგ-ს.
ცაძიკიძეებს ალვანელებისგან, ბოლო 20 წლის განმავლობაში, დაახლოებით 260 ჰექტარი მიწა აქვთ ასეთი შეთანხმებით აღებული.

ძმები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილის ბიძის ხალხმა დავით თამარაშვილის საიჯარო და სახელმწიფო მიწის ნაკვეთები აითვისა, მოსახლეობის ნაკვეთებსაც „მიადგნენ“, დაახლოებით 40 ალვანელი გადაიბირეს, ვისაც დაახლოებით 30 ჰექტარი მიწა ცაძიკიძეებისთვის ჰქონდათ ჩაბარებული. ცაძიკიძეები შიშობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, და მათ ალვანელების კუთვნილი ყველა მიწიდან უპირებენ გაყრას, პოლიციის დახმარებით და მათი დაქირავებული მუშახელის და ტრაქტორისტების დაშინებით.

Your browser doesn’t support HTML5

ალექსი ცაძიკიძე ყვება „კაკაშას“ ხალხის მხრიდან ზეწოლაზე

რადიო თავისუფლება ესაუბრა ელდარსა და შირაქში რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც დაადასტურეს ცაძიკიძის მონათხრობი - კიო, პოლიციაც იყო ადგილზე მოსულიო.
კომბაინის ერთ-ერთი მძღოლიც ადასტურებს, რომ მძღოლებს „კაკაშას“ სახელით დაუკავშირდნენ და ერთი დღით მუშაობის შეჩერება მოსთხოვეს, კომბაინები იმ დროს ცაძიკიძეების ნაკვეთებში მუშაობდნენ.

„შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ, თუ არ გაჩერდებითო, ასე შემოგვითვალეს, ჩვენც გავჩერდით, მეორე დღეს ჩვეულებრივ გავაგრძელეთ მუშაობა. იმ დღეს ცაძიკიძეების ნაკვეთებში პოლიცია და დიდი ხმაური იყო“, - ჰყვება ადგილობრივი.

აუდიოჩანაწერში ძმები ცაძიკიძეები ჰყვებიან, რომ ღარიბაშვილის ახლობლებმა დავით თამარაშვილის ნაკვეთზე დაწყებული დავის შემდეგ მათ საკუთრებაში დათესილი ხორბალის ნაწილიც დაიტაცეს.

ამ ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო, რადიო თავისუფლებამ შსს-ს ჰკითხა რა რეაგირება მოყვა ალექსი ცაძიკიძის საჩივარს, სადაც ის ხორბლის დატაცებაზე წერდა. სტატიის გამოქვეყნებამდე შსს-ს პასუხი ვერ მივიღეთ.

Your browser doesn’t support HTML5

ცაძიკიძეები ჰყვებიან როგორ წაართვეს „კაკაშამ“ და მისმა ხალხმა ასეულობით ტონა ხორბალი

„საცემი კი არა, მოსაკლავია“ - „კაკაშას“ პასუხი

დავით თამარაშვილი, ძმები ცაძიკიძეები, დღეს ერთხმად ამბობენ, რომ მათი დაპირისპირებით „ქართული ოცნების“ ლიდერის, საპარლამენტო სიის მე-3 ნომრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახლობლებმა ისარგებლეს და დღეს მათ ელდარში სახელმწიფო მიწებზე მოჰყავთ ხორბალი.


რადიო თავისუფლებამ ელდარის მიწებთან დაკავშირებულ ბიზნესგარჩევებსა და სახელმიწფო ქონების დატაცებაზე კითხვებით ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის პრესსამსახურმა მოგვწერა, რომ ბრალდებები ღარიბაშვილის ნათესავების წინააღმდეგ აბსურდულია.


„ელდარის რეგიონში არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, იქ არის არაფორმალური მმართველობა. ამის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო გიორგი ცაძიკიძე, დღეს ამ პროცესს ხელმძღვანელობს, კოორდინაციას უწევს ტარიელ ღარიბაშვილი. ადამიანებმა, რომლებსაც სრული ნდობა გამოვუცხადე, - კომპანიის და ბიზნესის 3 წილი მათი იყო და ერთი ჩვენი, - დამაღალატეს. არ არსებობს ფაქტი, სადაც ისინი იტყვიან, რომ დათო თამარაშვილმა დაუშვა ჩვენთან შეცდომა. ჩემი სიმართლე, რაკი მე დოკუმენტებით ვიყავი მართალი ცაძიკიძესთან, ამ ჯგუფმა გამოიყენა იმისთვის, რომ გიორგი ცაძიკიძე და სხვები, ვინც ელდარში სახელმწიფო მიწებს თვითნებურად თესავდნენ, ამ საქმიდან ჩამოეშორებინათ და თვითონ გამხდარიყვნენ ელდარში სახელმწიფო მიწების არაფორმალური მმართველები“, - ამბობს დავით თამარაშვილი.

თავს დაზარალებულებად თვლიან ძმები ცაძიკიძეებიც, ირწმუნებიან რომ „კაკაშა“ და მისი ჯგუფი მათ დღემდე დევნის.

Your browser doesn’t support HTML5

ცაძიკიძეები „კაკაშას“ და მისი ხალხის მხრიდან დევნასა და დაშინებაზე საუბრობენ

ზურაბ გონაშვილს, იმავე „კაკაშას“, რადიო თავისუფლებამ ძმები ცაძიკიძეების ბრალდებებზე ჰკითხა. „საცემი კი არა, მოსაკლავი იყო“, თქვა „კაკაშამ“ გიორგი ცაძიკიძეზე, თუმცა მის ცემასთან კავშირი უარყო. მოკლე საუბრის დასასრულს მან პირჯვარი გადაიწერა, თქვა „ადამიანს უნდა ეშინოდეს და წამდეს მარტო ღმერთის. ისე მაგათ სუყველაფერს შე***ცი მე“, მანქანა დაძრა და დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.

Your browser doesn’t support HTML5

ზურაბ გონაშვილის კომენტარი ძმები ცაძიკიძეების ბრალდებებზე (ფარული გადაღება)

რადიო თავისუფლება ვერ დაუკავშირდა ძმებ ლაზარე და რამაზ ივანიძეებს, თუმცა შეხვდა გიორგი გოგოთიძეს, თამარაშვილების პარტნიორს, რომელმაც, დავით თამარაშვილის მონათხრობით, ის პირველად დააკავშირა ივანიძეებსა და ღარიბაშვილის ბიძას.


გოგოთიძემ ინტერვიუზე უარი გვითხრა, თამარაშვილთან ურთიერთობას ჟურნალისტების გარეშე გავარკვევო. თუმცა რამდენიმე კითხვას მაინც უპასუხა.

ჯერ თქვა, თამარაშვილი ერთი თეთრით არ შემოსულა საქმეშიო, თუმცა მალევე დააადასტურა, რომ 10 ტონა დიზელის საწვავი და 13 ტონა სათესლე ხორბალი მივიღეთ თამარაშვილისგანო.

გოგოთიძემ არც 34 ათასი ლარის მიღება აღიარა თამარაშვილისგან, მიუხედავად იმისა, რომ რადიო თავისუფლებას აქვს ამ ფულის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გიორგი გოგოთიძე ადასტურებს, რომ თამარაშვილის მიწებზე მოსავალი თავად აიღეს, ამბობს, რომ მოსავალი, დასაწყობებული აქვთ, ხელი არ უხლიათ. ამავე დროს, გოგოთიძეს და მის პარტნიორებს თვეზე მეტია საჯაროდ უდევთ განცხადება თამარაშვილის მიწებზე მოყვანილი ხორბლის გასაყიდად.

რადიო თავისუფლებას გაყიდვის განცხადებაში მითითებულ ნომერზე უთხრეს, რომ 150 ტონა ლომთაგორას ჯიშის სათესლე ხორბალი აქვთ გასაყიდი და დიდი რაოდენობის ყიდვის შემთხვევაში კილოგრამის ფასი 80 თეთრი იქნება.

გიორგი გოგოთიძემ რადიო თავისუფლებასთან უარყო სახელმწიფო მიწებზე ხორბლის უნებართვოდ მოყვანაც. თქვა, რომ მხოლოდ თამარაშვილის საიჯარო მიწებს იყენებენ და ამ საკითხზე თავად დავით თამარაშვილს შეხვდება და მორიგდებიან.

დავით თამარაშვილი „ელდარი ჯგუფის“ დამფუძნებელი.

გოგოთიძესთან ამ საუბრიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. დავით თამარაშვილს არც ის, არც „კაკაშა“ ან სხვა პარტნიორები ჯერ არ შეხვედრიან. თელაველ ბიზნესმენს კი უკვე დაუდგა დრო, სახელმწიფოს გადაუხადოს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, იჯარით აღებული იმ მიწის ქირა, რომლითაც თავად სარგებელი ვერ მიიღო.